კორონავირუსის გავრცელების გამო აფხაზური მხარე ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

69

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განაკარგულებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან ჩაიკეტება, – განაცხადეს დეფაქტო მთავრობაში განაცხადეს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შესაბამის ორგანოებს დაავალა, მიიღონ ზომები 14 მარტიდან ენგურზე სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის კუთხით“, – განაცხადეს დეფაქტო მთავრობაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.