ქუთაისში სახელმწიფო თეატრების თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

90

ქუთაისში სახელმწიფო თეატრების მსახიობებისა და თანამშრომლების ხელფასები გაეზარდათ. ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, თორნიკე მარჯანიშვილის თქმით, თეატრის ყველა თანამშრომელს, მომღერლებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატათ. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

“ზოგადად ითქვა ასეთი რამ, რომ რამდენი თანამშრომელიც არის თეატრებს იმდენი 100 ლარი დაემატებოდათ. ამაში შედის როგორც მუსიკოსები, ისე სოლისტები, ტექნიკური პერსონალი. თეატრეზე იყო დამოკიდებული როგორ გადაანაწილებდნენ თანხას. ჩვენთან 100-100 ლარი დაემატა ყველა თანამშრომელს,”- განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.

ოპერის თეატრის მსგავსად ხელფასების თანაბრად მატება მოხდა თოჯინების თეატრშიც.

რაც შეეხება მესხიშვილის დარამატულ თეატრს, აქ თანამშრომლებს ხელფასები დამსახურების მიხედვით გაუზარდეს.

“ჩვენ ალბათ ერთადერთი თეატრი ვართ, რომელმაც გადაწყვიტა ხელფასები მოემატებინა ყველა თანამშრომლისთვის დამსახურების მიხედვით და მისი შრომის დამოკიდებულების მიხედვით,”- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

სახელმწიფო თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულებს ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაეზარდათ.