მდინარაძე: ოპოზიციას საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდა, თავად გადაწყვიტოს, 34 პარტია შეთანხმდეს, თქვან და ის ჩაიწერება პროექტში

113

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღონ და ხელისუფლებას წარუდგინონ.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ დღეს კიდევ ერთი ახალი შეთავაზება გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდა – ერთი, ორი თუ სამი, თვითონ გადაწყვიტოს, 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 130/20-ზე, 125/25-ზე, რაც გუშინ გაახმოვანეს, რაც უნდა გადათამაშება იყოს, ხომ იმ პრინციპის დაზღვევას ემსახურება, რასაც 40-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქვია? ანუ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა და მთავრობა ვერ დააკომპლექტოს. თუ ისეთ ფორმულას და მექანიზმს ვთავაზობთ, სადაც ყველა ვარიანტში გარანტირებულად 40 პროცენტით და უფრო დაბალი პროცენტით 76 მანდატის მიღება ხდება, რაღა მნიშვნელობა აქვს მათთვის, მაჟორიტარი 20 იქნება, 25 თუ 40? რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს საუბარი. საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდათ – ერთი, ორი თუ სამი, თვითონ გადაწყვიტონ, 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი მაშინ შეწყდა, როცა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე საუბარი განახლდა, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს ვერცერთმა პარტიამ, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე. მათი მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაც.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ. ამიტომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე უარი განაცხადა.