ბათუმის მერიაში შემავალი 49 საწარმოდან 12-ს ფინანსური საქმიანობა ზარალით აქვს დასრულებული

72

ბათუმის მერიაში შემავალი 49 საწარმოდან 12-ს ფინანსური საქმიანობა ზარალით აქვს დასრულებული, – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017-18 წლების პერიოდს ეხება. მაკონტროლებელს ყველაზე მეტი კითხვა შპს „ბათუმის წყალთან“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჰქონდა. გაიცა რეკომენდაციებიც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

ბათუმის წყალი ბათუმის მერიაში შემავალი ის საწარმოა, რომელმაც მაკონტროლებელს ყველაზე მეტი კითხვა გაუჩინა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ შპს-მ მოპოვებული წყლის 70 პროცენტი იზარალა, ბიუჯეტმა კი დაკარგა 200 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

სახელმწიფო აუდიტს შენიშვნები აქვს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც. როგორც აღმოჩნდა, შპს-მ სანიაღვრე არხების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისთვის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთი მოშაობისთვის ხელფასები სამუშაოს სახეების განსაზღვრის, ადგილმდებარეობის დადასტურების გარეშე გასცა. კითხვითი ნიშნები ჩნდება წარმომადგენლობით და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებითაც. მაკონტროლებელი შიდა კონტროლს იწუნებს და ასკვნის, რომ ფულადი სახსრები ხელმძღვანელობამ არაეკონომიურად გახარჯა.

„ბათუმის წყალში“ იციან, რომ სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების გაწერასთან დაკავშირებით ხარვეზები იყო და რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებენ. რაც შეეხება, 70 %-იან დანაკარგს, პრობლემას კომპანიის გენერალური დირექტორი ჩაქვის ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირებს, რომელიც ამორტიზებულია.

თვითმართველობაში, სადაც ბათუმში მიმდინარე წყლის და წყალარინების სისტემების ქსელის რეაბილიტაციის პროექტით თავს იწონებს, საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიაში შემავალი 49  საწარმოდან 14-ს ფინანსური შედეგი ზარალით აქვს დასრულებული. ჩამონათვალში მოხვდა  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც. როგორც აღმოჩნდა, დაწესებულებამ პაციენტთა ოდენობის შემცირების პირობებში დაუსაბუთებლად გაზარდა მედიკამენტების ხარჯი, რამაც ზარალი გაზარდა. ზარალი გაზარდა პასუხიმგებელი პირების არაეფექტურმა და არაკომპეტენტურმა მუშაობამ, რის საფუძველზეც, სადაზღვევო კომპანიებმა გაწეული მომსახურების საფასური არ აანაზღაურეს.

მაკონტროლებელმა აღმოაჩინა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი თავი ფინანსურ მენეჯერად დანიშნა და შედეგად 27 405 ლარი მიიღო. რა უპირატესობით მიიჩნია საუკეთესოდ საკუთარი კანდიდატურა აღნიშნული პოზიციისთვის მალხაზ ხალვაშმა? დღეს იგი ჩვენთან საუბრის ხასიათზე არ აღმოჩნდა. გვითხრა, რომ   TV 25-ის ჟურნალისტების კითხვებს კამერების წინ არ უპასუხებს. კითხვებზე პასუხები არც ჯანდაცვის სამინისტროში გაგვცეს.