“ნაცმოძრაობა” მხარს არ დაუჭერს 40%-იან საარჩევნო სისტემას, სანამ “ოცნება” მას მანდატებში არ ასახავს

958

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ 40%-იანი სისტემისთვის მხარდაჭერას არ განიხილავენ, სანამ მმართველი გუნდი კონკრეტულ ციფრებში არ დაასახელებს მანდატების როგორ განაწილებას გულისხმობენ. ამის შესახებ ბოკუჩავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” “პრინციპულია”, რომ ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნოს სისტემას, არამედ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეჩერებას.

“გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქართული ოცნება საუბრობს 40%-იან ჩამკეტზე, მაგრამ არ სურს ამ 40%-იანი ჩამკეტის რეალურ ციფრებში გადმოტანა, რაც მოგვცემდა მარტივ განჭვრეტად საარჩევნო სისტემას, რომლის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა რ დარჩებოდა ხელისუფლებას. ამიტომ თუ ისინი იქნებიან მზად, ერთი მხრივ, რომ ეს 40%-იანი ჩამკეტი გადათარგმნონ კონკრეტულ ციფრებში და თუ ამაზე იქნება ერთიანი ოპოზიუციური პოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ ამ საკითხებზე,”— განაცხადა ბოკუჩავამ.

დღეს, 2 მარტს, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გაცხადა, რომ მმართველ გუნდთან “შეთანხმება და ნორმალიზაცია” ვერ მოხდება, თუ ისინი პოლიტპატიმრების საკითხზე და 130/20 საარჩევნო სისტემაზე არ დათანხმდებიან. თუმცა, მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” 130/20-ზე სისტემის კანონპროექტს შეიტანს პარლამენტში, ისინი მხარს დაუჭერენ და “სალაპარაკოს არ დაუტოვებენ”.

ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი მაშინ შეწყდა, როცა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე საუბარი განახლდა, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს ვერცერთმა პარტიამ, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე. მათი მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაც.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ. ამიტომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე უარი განაცხადა.