“ოცნების” დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე: ბრალს არ ვეთანხმები… ჩხუბი გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის უზრდელურმა საქციელმა

683

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ბრალს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, მე პირველივე დღეს ვთქვი, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

“მე ამ ბრალდებას არ ვეთანხმები, დანარჩენი გამოძიების საქმეა და დაველოდოთ გამოძიებას. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გაეცემა პასუხი. ერთი მხრიდან იქნება დანაშაული თუ მეორე მხრიდან, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. ჩვენ შორის ჩხუბი მაშინვე არ დაწყებულა, ეს გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის უზრდელურმა საქციელმა და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. იქ რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა,”- განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.