კასპის სოფელ ახალქალაქში ,,როსტომ მეფის ქალაქის” კონტურებს გააცოცხლებენ

240

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იწყება. ტენდერი მერიამ 29 იანვარს გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

პროექტის მიხედვით, გაცოცხლდება როსტომ ხანის მიერ დაარსებული დასახლების კონტურები. სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კასპის მერიამ დაახლოებით 300 000 ლარი გამოყო.

,,პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს – გალავნის მთელ პერიმეტრზე, კოშკების აღდგენას და ძველი ,,კონტურების გაცოცხლებას” გალავნის ტერიტორიაზე, რაც გაითვალისწინებს არსებულ კონტურებზე მსუბუქი კონსტრუქციებით ახალი სილუეტების გჩენას. აღდგება ჭიშკარი, გამწვანდება გალავნის შიდა ტერიტორია, მის გარეთ მდებარე გვიანდელ უსახურ მიშენებებს კი გაუკეთდება დემონტაჟი.” – აღნიშულია პროექტში.

პროექტის მომზადების დროს გამოიყენეს ი. მოსულიშვილის, ი. შარაშენიძისა და ხ. ქომეთიანის საავტორო ჯგუფის მიერ 1989-1990წწ. მომზადებული ანაზომები, როგორც საარქივო მასალა.

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

ცნობისათვის, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.

ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი.

ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი.

მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი.

ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი.