თბილისის ვიცემერი: ინვესტორები ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვერ ააშენებენ

1257

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა ვაკის პარკში სასტუმროს ტერიტორიის სანაცვლოდ, რაზეც უარი განაცხადეს.

„გამორიცხულია ის, რასაც ესენი იძახიან. არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს, დიდი არჩევანი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ და ყველაფერზე უარი მივიღეთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცემერის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, „6-მილიონ დოლარიანი მიწის მონაცვლეობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იოლი საქმე ნამდვილად არ არის და ამას დროს სჭირდება“.

მანამდე, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორი კომპანიის დირექტორმა გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ტენდერით შეარჩევენ სამშენებლო კომპანიას და დაიწყებენ სამუშაოებს. მისი თქმით, მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.

“1 წელია ველოდებით თბილისის მერიისგან პასუხს, აგვინაზღაურებენ თუ არა ინვესტირებულ თანხას ან შემოგვთავაზებენ თუ არა ვაკის პარკის ჩამნაცვლებელ ტერიტორიას. მეტი დროის კარგვას აღარ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო “ბუდაპეშტი”, – ამის შესახებ გიორგი ზაქაიძემ Bm.ge-ისთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა, საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო.

2019 წლის 25 იანვარს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება.

ამის შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.