შეთანხმება მიღწეულია – ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

1205

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია და ის ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი ამბობს.

მერის თქმით, ინვესტორთან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მიდის საუბარი, თუმცა, შესაძლებელია, მოხდეს ტერიტორიის გამოსყიდვაც.

კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისელებსა და იმ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ ამ პარკში მშენებლობას. რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დედაქალაქის მერს ღია წერილითაც მიმართეს.

ინვესტორთან მოლაპარაკებები წინა კვირასაც გაიმართა, თუმცა, ამ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყვა. ამის მიუხედავად, კალაძე საზოგადოებას დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენებულიყო.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავიშირებით 2013 წლის 24 ივლისის N1592 განკარგულება თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ გამოსცა. განკარგულების თანახმად, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცაა.

2014 წლის 4 მარტს “მწვანე ალტერნატივამ” სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის N909795 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნეს  ქ. თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.

2016 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ “მწვანე ალტერნატივამ” სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს „გრაალმა“ და შპს „ტიფლის კოსტავამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

ამის შემდეგ დღის წესრიგში სასტუმროს მშენებლობის დაწყების საკითხი დადგა, თუმცა, დღეს მერიასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმებით, ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.