წყლით დაფარული უბანი ბათუმში, სადაც გადაადგილება ჭირს

97

ქუჩა ბათუმში, სადაც ყოველი გაწვიმებისას რეზინის ჩექმებით გადაადგილდებიან. უამინდობისას შემქნილი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო სკოლებამდე მისვლა მოსწავლეებსაც უჭირთ. რას ამბობენ პრობლემის შესახებ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში და რა განმარტებას აკეთებენ ბათუმის წყალში სანიაღვრე არხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით?  – ამის შესახებ სიუჟეთი ტვ25-მა მოამზადა.

თითქმის 1 წელია, რაც ბათუმში, გოდერძი ჩოხელის პირველ ჩიხში მცხოვრებლებს სახლამდე მისასვლელად ამ გზის გავლა უწევთ. მონაკვეთს გზას პირობითად თუ უწოდებ,  თორემ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ უამინდობისას, ტერიტორია ტბის გუბედაა ქცეული. სწორედ ამიტომ, ზამთარს და შემოდგომას მოქალაქეები აქ არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, რეზინის  ჩექმებით მომზადებულები ხვდებიან.

უამინდობისას შემქნილი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო,  სკოლებამდე მისვლა უჭირთ მოსწავლეებს. აქ მცხოვრებლებიისეთ ფაქტებსაც იხსნებენ, როცა ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი გზის გავლა ღობის მეშვეობით მოახერხეს. გადაადგილება ტერიტორიაზე უჭირთ ავტოსატრანპორტო საშუალებებსაც.

პრობლემის მოსაგვარებლად მერიას არაერთხელ მიმართეს. ამბობენ, რომ უხვი დაპირებების ფონზე ქმედებებს ვერ ხედავენ. ქუჩა მხოლოდ მოიხრეშა, რაც საკითხის გადასაჭრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღეს მერიაში ჩვენც ის გვითხრეს, რასაც აქამდე გოდერძი ჩოხელის პირველ ჩიხში მცხოვრებლებს უმეორებდნენ. „ქუჩის კეთილმოწყობისთვის პროექტი შედგენილია, ახლა ბიუჯეტში თანხების გათვალისწინებას ელოდებიან“. რა ვადებში შეიძლება გაიწელოს ლოდინის პროცესი, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არ იციან.

ბათუმში, გოდერძი ჩოხელის პირველ ჩიხში, სანიაღვრე არხი, ჭები და ცხაურები ბათუმის წყალმა უნდა მოაწყოს. ამ უკანსაკნელში სიტყვიერად განმარტეს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც მერია მომსახურებას შეისყიდის.