“გამოდის, უნდა გადასავხლდეთ”- გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა ნაღვარევის მოსახლეობა უწყლოდ დატოვა

245

სოფელ ნაღვარევში უკვე მე-4 დღეა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი თამარ გოჩიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია – China Railway 23rd Bureau Group Co (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი)- სოფელში სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რის გამოც კომპანიამ ადგილზე წყლის ახალი ავზის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაწყებული სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ გაზაფხულამდე გადადო, ნაღვარევის მოსახლეობა კი უწყლოდ დატოვა.

“თქვეს, რომ გააფართოვებდნენ ავზს, გააფართოეს ეს ავზი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ზამთარში აქ ყოფნას არ აპირებდნენ და ბოლომდე ავზის მშენებლობა არ მიიყვანეს, არ გამოიყვანეს ახალი მილებით წყალი.

შესაბამისად, დიდმა ავზმა და არასწორმა დაერთებამ მოიტანა ის პრობლემა, რომ 4 დღეა უწყლოდ ვართ. გუშინ კომპანიის წარმომადგენლები კი ამოვიდნენ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის და ჩვენ უნდა მივხედოთ ამ საქმეს. არადა, ჩვენი ძალებით უბრალოდ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ტექნიკაა საჭირო იმისთვის, რომ მილი დაიმარხოს და ეს სისტემა ხელახლა გაიმართოს.

გამოდის, რომ უნდა გადასავხლდეთ და რაღაც სხვა საშუალებები უნდა მოვძებნოთ ცხოვრების, იმიტომ რომ როცა 4 გრადუს ყინვაში, მთაში, წყალი არ გაქვს, იქ ყოფნა შეუძლებელია. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, გასაგებია, რომ ეს არის ჩინური კომპანია, გასაგებია, რომ ეს არის კერძო კომპანია, მაგრამ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს,”- ამბობს სოფელ ნაღვარევის მკვიდრი თამუნა გოჩიაშვილი.