შუახევში საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

74

“მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა.

ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპი აგროსერვის ცენტრი ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე 6000 კვ. მეტრზე გაშენდა 500-მდე (მსხალი, ვაშლი, ჩნდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლ-ატამა) ხეხილის სანერგე მეურნეობა.

სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები, ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.

პროგრამის ფარგლებში ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მეტრია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.

გახსნის ცერემონიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.