სუს-ის უფროსის მოადგილე: ასლან ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული

848

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული, ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ, – ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი “ინტერპრესნიუსის” კითხვას, არის თუ არა საინტერესო და იმსჯელებს თუ არა ქართული მხარე ასლან ბჟანიას ინიციატივის თაობაზე.

“ძალიან საინტერესოა ყველა მსგავსი განცხადება, საინტერესოა ბჟანიას ინიციატივები, ჩვენ გაგვაჩნია ჟენევის ფორმატი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივები თუკი მსგავს ფორმატში იქნება დასმული, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე”, -განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას, როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრული ანალიზი წარადგინა.

“პარლამენტარებისგან დაისვა ბევრი კითხვა, რომლებსაც გაეცა ამომწურავი პასუხი ჩვენი მხრიდან, იყო საინტერესო დისკუსია და ვიმსჯელეთ ყველა საჭირბოროტო საკითხზე”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.