გურჯაანის მუნიციპალიტეტში 22 პრობლემის მოგვარებაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

539

გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 22 პროექტი დაფინანსდება და ამისათვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, თანხა ძირითადად გზებს, ჭაბურღილების, სანიაღვრე არხების მოწყობას და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას მოხმარდება.

„22 პროექტი უკვე დატენდერებულია. ძირითადად იქნება გზები, წყლის სათავე-ნაგებობების მოწყობა და ა.შ. სამუშაოები პირველი მარტიდან დაიწყება. გამზადებულია კიდევ 15 პროექტი, აქედან ცხრა გზების რეაბილიტაციას ეხება და ექვსი – წყალგაყვანილობას. ეს დეპუტატის, დავით სოღულაშვილის მოთხოვნით არის და დამატებითი თანხის მოძიებაზეც ის მუშაობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ესეც სრულად დაგვიფინანსდება.“

მისივე თქმით, ჯამში 2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სავარაუდოდ, 14 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.