საახალწლო ტრადიციები, რომელზეც ცოტა რამ იცით – როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში

1708

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

თუ წლის შემაჯამებელ, ან ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულზე ვფიქრობთ, პირველი, ალბათ, ყველას ახალი წელი გვახსენდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულს სილამაზესთან და სიკეთესთან ვაიგივებთ, საახალწლო ღამის მომხიბვლელობას კი უკეთესობის იმედს, მშვიდობას, სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ვუკავშირებთ. ევროპის ქვეყნებში ახალი წლის აღნიშვნას საშობაო დღესასწაული უსწრებს და ამიტომ სადღესასწაულო სამზადისი დეკემბრის დასაწყისიდან იწყება.

ახალი წლის ღამეს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ და მისი დადგომა დიდსა თუ პატარას თანაბრად უხარია. მსოფლიოს უმეტესობა შობა-ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად ხვდება, მაგრამ, თუ რომელიმე თქვენგანმა მოგზაურობა და დღესასწაულის განსხვავებულად აღნიშვნა, ან სულაც სხვა ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა გადაწყვიტა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

იაპონია

ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ უზარმაზარ ზარს. იაპონელები მიიჩნევენ, რომ ამით ყველაფერ ცუდსა და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ

როდესაც საქმე საახალწლო ზეიმებამდე მიდის, აქ იაპონია ნამდვილად გამორჩეულია, ვინაიდან იაპონელებისთვის ახალი წლის დღესასწაული ერთ-ერთი უმთავრესი დღეა. იაპონელები დღესასწაულის აღნიშვნას 31 დეკემბრის ღამეს იწყებენ. მანამდე, 28 დეკემბრიდან 4-5 იანვრის ჩათვლით კი, მთელს ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება, მუშაობს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ უზარმაზარ ზარს და ამით იაპონელები მიიჩნევენ, რომ ყველაფერ ცუდსა და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ამ ტრადიციას იაპონელები უკვე საუკუნეა, მისდევენ.

ამასთან, იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს საახალწლო ღია მისალოც ბარათებს უგზავნიან (ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება). საახალწლო საჩუქრებიც იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა, ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე მიდიან, რათა სასურველი საჩუქარი შეიძინონ.

ახალი წლის პირველ დღეს იაპონელები ტრადიციულად არაფერს ამზადებენ, უბრალოდ, ახალ წელს ისინი ზედმეტი შრომის და დაღლილობის გარეშე ხვდებიან, საახალწლო მაგიდას კი 1 იანვარს ახალი წლის დადგომის შემდეგ შლიან. საახალწლო სუფრისთვის ბევრ კერძს ამზადებენ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვნად ოსეჩი მიიჩნევა.

ჩინეთი

ახალი წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული ტრადიცია წითელი კონვერტებით ფულის გადაცემაა

ახალი წლის დადგომას ჩინეთში იანვარ-თებერვალში აღნიშნავენ და იგი არის ყველაზე გრძელი, ხმაურიანი და საინტერესო არდადეგები მთელი წლის განმავლობაში. და, თუ თქვენ ახალი წლის შეხვედრა ჩინეთში გადაწყვიტეთ, გილოცავთ, თქვენ ძალიან ბევრი ფერადი და საინტერესო რამ გელით. ამასთან, გაქვთ შანსი, რომ ჩინური ახალი წლის მრავალ ტრადიციაშიც მიიღოთ მონაწილეობა, ხოლო, თუ თქვენ ბავშვი ხართ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, ვინაიდან ჩინეთში ახალი წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული ტრადიცია წითელი კონვერტებით ფულის გადაცემაა (უხუცესები ახალგაზრდებს წითელი კონვერტებით ფულს ურიგებენ).

ჩინეთში ახალი წლის თარიღი მთვარის კალენდართან არის დაკავშირებული და ამიტომაც ის ყოველწლიურად იცვლება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მონსტრი ნიანის, რომელიც სოფელს აწიოკებდა, დასამარცხებლად, ერთმა ბრძენმა სოფლის მცხოვრებლებს ურჩია, ცეცხლი და მაშხალები გამოეყენებინათ, ეხმაურათ, სახლის შესასვლელებში კი წითელი ქაღალდის ლამპიონები დაეკიდათ. ბრძენის რჩევა სოფლის მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს და ნიანი დაამარცხეს. ამიტომაც ახალი წლის აღნიშვნისას ყველაზე მეტად სწორედ მაშხალები, ცეცხლის ფაიერები, ცეცხლმოკიდებული ბამბუკის ჯოხები ჭარბობს. ყველაფრის კულმინაცია კი სწორედ ლამპიონების ფესტივალი და დრაკონის ცეკვაა. ადამიანები ამ დღისთვის სპეციალურად ამზადებენ დეკორატიულ ლამპიონებს და აწყობენ საჯარო სეირნობას ქუჩაში. ცხადია ეს ლამპიონები მათ სახლებსაც ამშვენებს.

და, რა თქმა უნდა, ჩინური ახალი წლის უმთავრესი ფერი წითელია – ჩინელები ფიქრობენ, რომ წითელი ფერით ეშმაკს ამარცხებენ.

ინდოეთი

ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8–ჯერ ხვდებიან

ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8–ჯერ ხვდებიან. ერთ-ერთ ასეთ დღეს ინდურ “გუდი პადვას“ უწოდებენ. ამ დღეს ყველა მხიარულობს და განსაკუთრებულ კერძებს ამზადებს.

ახალი წლის დილას ინდოელები მზის ამოსვლასთან ერთად დგებიან, ეწყობიან სადღესასწაულოდ, შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ ის, რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება. ამასთან, ამ დღეს აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცხყოფა.

დანია

დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ქვეყნებში ახალ წელს სიმღერით, ცეკვითა და მეგობრებთან გატარებული მხიარული ვახშმით აღნიშნავენ, დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. დიახ, არ მოგესმათ, დანიაში მიაჩნიათ, რომ ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს.

ამასთან, დანიელები საახალწლო კერძებში თხილის გულს ათავსებენ და სჯერათ, რომ ქალიშვილი, რომელიც მას იპოვნის, მომავალ წელს აუცილებლად გათხოვდება.

იტალია

ახალ წელს იტალიელები ერთმანეთს წითელი ფერის თეთრეულს ჩუქნიან

იტალიაში ახალ წელს ძველი ნივთებისგან თავისუფლებიან და მას პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან, ვინაიდან, ტრადიციის მიხედვით, ითვლება, რომ გათავისუფლებულ ადგილებს ახალი ნივთები შეავსებენ. ამასთან, იტალიელები ერთმანეთს წითელი ფერის თეთრეულს ჩუქნიან, რადგან წითელ ფერს სიახლის სიმბოლოდ თვლიან.

ესპანეთი

ესპანელები, ახალი წლის დადგომისთანავე, “იღბლიანი ყურძნის” 12 მარცვალს ჭამენ

მართალია, 31-ში ესპანეთის ქუჩები ხალხითა და გაფორმებებითაა გადატვირთული, მაგრამ 10-11 საათისკენ ქუჩები იცლება და მოსახლეობის უმეტესობა ახალი წლის შესახვედრად შინისკენ მიემართება, ვინაიდან ესპანეთში, უმეტესად, ახალ წელს სახლში ხვდებიან და 12 საათის დადგომისთანავე “იღბლიანი ყურძნის” 12 მარცვალს ჭამენ, თითო მარცვალზე კი თითო სურვილს იფიქრებენ და სჯერათ, რომ, თუ მას შეასრულებენ, ყველა ის ოცნება აუსრულდებათ, რაც ჩაიფიქრეს და მათთვის მთელი წელი იღბლიანი იქნება.

შოტლანდია

ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები კუპრიან კასრებს ქუჩებში აგორავებენ და წვავენ

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს “ჰოგმანს“ უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, 1 იანვრის დადგომისას მოქალაქეები კუპრიან კასრებს ქუჩებში აგორავებენ და წვავენ. ამით ისინი ძველ წელს ცეცხლს უკიდებენ და ახალს ეპატიჟებიან. გარდა ამისა, შოტლანდიელებს “მეკვლეობის“ ტრადიციაც აქვთ და სჯერათ, რომ მათი წარმატება მომავალ წელს დიდად დამოკიდებულია მეკვლეზე. მათი აზრით, დიდი წარმატება მოაქვს შავგვრემან მამაკაცს, რომელსაც მოაქვს ოჯახში საჩუქრები. ამ ტრადიციას “First Footing”-ს უწოდებენ.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, შოტლანდიელები აუცილებლად აცხობენ დიდ ტორტს, რომელიც მორთულია ნუშით, ნიგვზით, კანფეტებით, შაქრისა და მარცეპანის ფიგურებით. ტორტს, როგორც წესი, ამშვენებს ნაციონალური ემბლემები – შოტლანდიური ჯვარი, გადაჯვარედინებული ხელები ზღვის ფონზე, მთები და სხვა.

გარდა ამისა, ახალი წლის დადგომამდე შოტლანდიელები მეზობლების კარებთან ჭურჭელს ამსხვრევენ. ახალი წლის ღამეს კი არც ერთ სახლში არ ქრება შუქი და ყველა ქუჩა განათებულია.

ირლანდია

ახალ წელს ირლანდიელები ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად ნახშირის ნატეხს ჩუქნიან

ირლანდიაში ახალი წლის ღამის მოახლოებისას მოსახლეობა სახლის კარებს აღებს და ნებისმიერ მსურველს აძლევენ შესაძლებლობას, რომ, სურვილის შემთხვევაში, ესტუმრონ. მათივე ტრადიციის მიხედვით, სტუმარს ჭიქა ღვინით უმასპინძლდებიან და სიტყვებს – “მშვიდობა იყოს ამ სახლსა და მთელს მსოფლიოში” – ეტყვიან. გარდა ამისა, უძველესი ირლანდიური ტრადიციის მიხედვით, ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად ნახშირის ნატეხს ჩუქნიან.

კუბა

ახალი წლის დადგომამდე კუბელები წყალს აგროვებენ, შემდეგ კი ქუჩებში ღვრიან

კუბაზე საახალწლოდ საათს მხოლოდ 11–ჯერ რეკავენ მე–12 ზარი კი ზუსტად ახალ წელს უწევს, ამიტომ საათს ასვენებენ და აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ახალ წელს ყველასთან ერთად. გარდა ამისა, ახალი წლის დადგომამდე სახლში ყველა ჭურჭელს წყლით ავსებენ, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ დაგროვილ წყალს ქუჩაში იმ სურვილით ღვრიან, რომ მომავალი წელი ისეთივე სუფთა და ნათელი იყოს როგორც წყალია.

ბულგარეთი

ახალი წლის დილას ბავშვები იკრიბებიან და უხვად მორთული ხის ჯოხის – “სურვაჩკას” თანხლებით, კარდაკარ სირულს იწყებენ

სურვაჩკა

ბულგარეთში სტუმრები და ნათესავები სადღესასწაულო სუფრასთან ერთად იკრიბებიან, ახალი წლის დადგომამდე 3 წუთით შუქს აქრობენ და იმ დროს, როდესაც ისინი სიბნელეში აღმოჩნდებიან, საახალწლო კოცნის წუთებს უწოდებენ, რომელთა საიდუმლოსაც სიბნელე ინახავს. ამასთან, მაგიდის ცენტრალურ ადგილას აუცილებლად ათავსებენ დიდ საშობაო ღვეზელს პატარა “სიურპრიზით”, რომელიც სუფრასთან შეკრებილებს ბედნიერებას, სიმდიდრეს, დაოჯახებას და წარმატებას უწინასწარმეტყველებს.

ახალი წლის მისასალმებელი კიდევ ერთი მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია “გადარჩა”. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რიტუალი ბულგარეთში. რიტუალი პირველი იანვრის დილით ბავშვები იკრიბებიან და უხვად მორთული ხის ჯოხის – “სურვაჩკას” თანხლებით, კარდაკარ სირულს იწყებენ. “სურვაჩკას” ბავშვები ნათესავებსა და მეგობრებს ზურგზე ურტყამენ და თან ჯანმრთელობისა და სიმდიდრის სურვილებით აღსავსე ლექსს ამბობებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები

შობისთვის მზადებას ამერიკელები ნაძვის ხის დადგმით და სახლისა და ეზოების ფერად-ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ

ამერიკაში შობა წვეულებას, საჩუქრებსა და სურვილების ახდენას უკავშირდება, შობა-ახალი წლისთვის მზადებას კი ნოემბრის ბოლოდან იწყებენ. შობისთვის მზადებას ამერიკელები ნაძვის ხის დადგმით და სახლისა და ეზოების ფერად-ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ. ასევე, საშობაო საჩუქრების მირთმევაც მათი ერთგვარი ტრადიციაა.

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ტრადიციადაა ქცეული ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის ანთების რიტუალიც, თუმცა, ამ მხრივ პირველობას ნიუ იორკის ნაძვის ხე, რომელიც მანჰეტენზე როკფელერის სახელობის ცენტრში ყოვლეწლიურად იდგმება, დღემდე არ თმობს. ნიუ იორკის ნაძვის ხის სიმაღლე, ძირთადად, 30 მეტრამდეა და სხვადასხვაფერი ნათურებითა და საშობაო სათამაშოებითაა მორთული. ნაძვის კენწეროს კი სვაროვსკის ბროლის ულამაზესი ვარსკვლავი ამშვენებს. ამ ულამაზესი სანახაობისთვის ნიუ იორკს ყოველ ახალ წელს ათეულ ათასობით ადამიანი სტუმრობს.

ფინეთი

თოვლის ბაბუის სამშობლოში ახალი წლის ღამეს ყველა ცდილობს, გაიგოს, თუ რა ელის მას მომავალ წელს

და რა არის ახალი წელი თოვლის ბაბუის და საახალწლო რიტუალები კი – ფინეთის გარეშე?!ფინელების მთავარი ზამთრის დღესასწაული შობაა და მას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. თოვლის ბაბუის სამშობლოში ახალი წლის ღამეს ყველა ცდილობს, გაიგოს, თუ რა ელის მას მომავალ წელს. მკითხაობისთვის ადნობენ ცვილს და ასხავენ ცივ წყალში. თოვლის ბაბუა – ჟოულუპუკკი (გადაცმული ნათესავი ან მეზობელი) ბავშვებს ულოცავს ახალი წლის მოსვლას და ურიგებს საჩუქრებს, ხოლო ბავშვები მღერიან და ცეკვავენ. ასევე, ყველა ფინელისათვის წმინდაა უხვი სუფრა მიპატიჟებითა და ცხელი სასმელებით, რომელთა შორის აუცილებლად უნდა იყოს ქლიავის კისელი და ტკბილი ფაფა.