დღეიდან ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება

505

წინა სტატია

დღეიდან პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეიდან უკვე იხსენება პრეზიდენტის სასახლე. როგორც დასათვალიერებელად სასახლე საზოგადოებისთვის ღიაა და პირველ რიგში დიასპორისთვისაა ღიაა, რომ იგრძნონ, რომ ეს სასახლე და პრეზიდენტი არის მათი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

IDFI-ის ცნობით, ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში კი ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;

შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორისაა სხვადასხვა ძვირად ღირებულ ინტერიერის აქსესუარები. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად შესყიდულია ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000-დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 700-დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000-დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი).