ჩუგოშვილი “ოცნების” ახალ ინიციატივაზე: ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი… სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ, კორექტულად გამოვხატო ჩემი აზრი

841

პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილი “ქართული ოცნების” შეთავაზებას, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, უმრავლესობის ახალი იდეის კორექტულად შეფასებისათვის სიტყვებს ვერ პოულობს.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” ახალი ინიციატივით მომავალი არჩევნების მოგების გარანტია შეიქმნა.

“მე და ჩემი კოლეგები ვამბობდით, რომ ზუსტად იმის გამო, რომ არჩევნების ჩატარების მომენტიდანვე ძალაში შედის პროპორციული საარჩევნო სისტემა, ნუ ჩააგდებთ ახლა ამ პროპორციულს, ნუ დატოვებთ შერეულ სისტემას, იმიტომ რომ, ეს ქვეყანას რყევებში და ძვრებში დატოვებს. ამის ნაცვლად რა გვიპასუხა უმრავლესობამ?! ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე. სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ, როგორ უნდა გამოვხატო კორექტულად ჩემი აზრი, იმიტომ რომ, შეხედეთ ამაზე რა გვიპასუხა უმრავლესობამ?!

უმრავლესობამ თქვა, რომ კი, ჩვენი პირობა დავარღვიეთ, ჩავაგდეთ პროპორციული სისტემა და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეულად, უსამართლოდ და არაპროპორციულად ბევრ მანდატებს ჩვენ კი წავიღებთ და მართალია, მერე შეიძლება ამის უკან ლეგიტიმაცია არ იყოს, საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა საკმარისი არ იყოს, რის გამოც დაიწყოს  ზუსტად ის რყევები, რომელზეც მე ვსაუბრობდი და ვადამდელის ჩატარება გახდეს საჭირო და მაშინაც რომ არ დაგვჭირდეს პროპორციულად ჩატარება არჩევნების, ამიტომ მოდით ისიც შევცვალოთ.

ანუ, არ დავკამყოფილდეთ იმით, რომ ახლა არ ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები, ახლა არ ჩატარდება სამართლიანი სისტემით არჩევნები და მერეც, 2024 წლამდე არ ჩატარდეს და გარანტირებულად ოთხი წელი კიდევ მოვიგოთ”, — განაცხადა ჩუგოშვილმა TV პირველის ეთერში.

ცნობისათვის, მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” განიხილავენ, 2024 წლამდე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარება კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამასთან,  შესაძლებელი გახდება გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2020-დან 2024 წლამდე ჩატარებული ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნებით არჩეული ხელისუფლება მხოლოდ 2024 წლამდე შეძლებს მუშაობს.