შსს-სთან აქციის მონაწილეები პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ

100

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობები “სირცხვილია”, “შეცვალე” და “გაბედე” საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით “მოძალადესთან ნუ ГАИგივდები”, “ვაჟა გადმოდი მანქანიდან”, “ვაჟა, კახა და ლევანი გაკვირდებით ყველანი”.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები აღარ იცავენ დემონსტრანტებს და გვერდზე გადგნენ. დემონსტრანტები პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბოლო დღეებში რეგიონებში გამართულ აქციებზე მომხდარ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, პოლიციას არავინ დაუკავებია. საუბარია კონტრაქციების მონაწილეებზე.

შსს-სთან აქცია კონტრაქციითაც გააპროტესტეს. მათი თქმით, დღეს არავის აქვს უფლება, რომ სამართალდამცველების მისამართით პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ისინი ყოველთვის მათი უფლებების შესაბამისად მოქმედებენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

14 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და საჯარო უწყებების “დაბოქლომება” დაიწყეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონებში აქციები ოპოზიციის, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგაც იმართება. კონტრაქციის მონაწილეები “ნაცმოძრაობას” აპროტესტებენ და სკანდირებენ “არა მიშა”-ს.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.