ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

824

“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” რუსთავის ოფისში, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილი და საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი შეხვედრის მონაწილეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებისას დაფიქსირებულ საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, ასევე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საია-ს სადამკვირვებლო მისია გააცნეს.

,, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრების საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, წინა არჩევნებისას მიღებული გამოცდილების გაანალიზება წარმოადგენს. ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები. სისტემური ანალიზი კი იმ უზუსტობებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრაში დაგვეხმარება, რომლებიც ერთიანობაში მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას განაპირობებს“, – განაცხადა საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ფავლენიშვილმა.

საია-მ პროექტის – „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში, მონიტორინგი განახორციელა. საია-ს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნეს, მოგვიანებით კი საია-ს მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. პროექტი „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა წარმოადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი