5 საუკეთესო ახალგაზრდული იდეა და დაპირება, რომ მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული პროექტები განხორციელდება

5587

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

5 მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტი – “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ინიციატივით, ჩეხურმა ორგანიზაციამ – “აგორამ” განახორციელა, დასრულდა და 5 საუკეთესო ახალგაზრდული პროექტიც გამოვლინდა.

სპორტული მოედნები ტყიბულში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები გარდაბანში, გასართობ-სათავგადასავლო პარკი ცაგერში, ახალი ბულვარი სურამში და თანამედროვე ტურისტული ცენტრი ჭიათურაში – ასეთია კონკურსში გამარჯვებული იდეების ჩამონათვალი, რომელიც მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცის მოწყობასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის თქმით, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდები ხშირად საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, რაც იწვევს მათ მიგრაციას თბილისში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. “მდგომარეობის გამოსასწორებლად ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, მუნიციპალური ინვესტიციების საკითხებში” – ამბობს ლუიზა ვინტონი.

ახალგაზრდული კონკურსი საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – გარდაბანში, ხაშურში (დაბა სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში 2019 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარდა. ადგილობრივმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა საკუთარი ქალაქის, დაბის განვითარების იდეები წარმოადგინეს. 15 საპროექტო იდეიდან ყველაზე მეტი – 4 იდეა ტყიბულში, 3-3 იდეა – გარდაბანში, ჭიათურასა და სურამში, ხოლო 2 იდეა ცაგერში იყო.

პროექტის წესების თანახმად, თითო მუნიციპალიტეტში თითო იდეამ გაიმარჯვა, საუკეთესო ინიციატივები კი საყოველთაო ფარული კენჭისყრით გამოვლინდა. კენჭისყრაში, ჯამში, 2 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა.

დაპირებები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის ინფორმაციით, 3 მუნიციპალიტეტში – ტყიბულში, ჭიათურასა და გარდაბანში გამარჯვებული იდეების განხორციელება უკვე 2020 წლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტებს დაფინანსებაში ნაწილობრივ სამინისტროც დაეხმარება.

“გარდაბანში მოსაცდელების თემაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მუნიციპალიტეტში პროექტი მუშავდება, რომ შემდეგ დაფინანსებაც მოიპოვოს; ტყიბულში პატარა სპორტული აქტივობებისთვის 7 ადგილის გამოყოფაზე იყო პროექტი, მითითებული იყო ადგილები და ერთი იყო მინი სტადიონი თავისი კომპლექსით. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტში უკვე ჩადო თანხა, ხოლო ერთ ლოკაციას განათლების სამინისტრო დააფინანსებს და დადგამს სპორტულ ინვენტარს; რაც შეეხება ჭიათურას, ახლა მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რომ ერთობლივი პროექტი განხორციელდეს. ნაწილობრივ თანადაფინანსებაში, პროექტის მომზადებისა და უსაფრთხოების ნაწილში, მუნიციპალიტეტი შემოვა, ხოლო პროექტის სრულად განხორციელებაში ფინანსურად სამინისტრო დავეხმარებით”, – განაცხადა გიორგობიანმა.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რკინიგზის ყოფილ ტერიტორიაზე ბულვარის მოწყობის იდეას, ის სურამის გენგეგმაში შევა. თუმცა, პრობლემაა ის, რომ ტერიტორია, სადაც ახალგაზრდებს ბულვარის მოწყობა სურთ, “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაშია, რის გამოც, გიორგობიანის თქმით, სავარაუდოდ, ბულვარის მოსაწყობად სხვა ადგილს გამონახავენ. გენგეგმის შემუშავება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახლა დაიწყო. შესაბამისად, სურამში გამარჯვებული პროექტი 2020-ში, როგორც ჩანს, ვერ განხორციელდება.

საკუთრების პრობლემებზე ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, დამაბრკოლებელია ის, რომ სურამის გუნდის პროექტით გათვალისწინებული ტერიტორია, სადაც ახალი ბულვარი უნდა გაკეთდეს, საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და ეს ამ ტერიტორიის განაშენიანებას ართულებს.

გიორგი გურასპაშვილი“რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მხოლოდ იდეა იდეისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი რეალობად იქცეს. თუმცა, რამდენიმე პრობლემა გვაქვს და ამაზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან ვსაუბრობთ. პრობლემაა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე განაშენიანება არ არის მარტივი, არსებული მესაკუთრის გამო. ვფიქრობ, რომ მიუღწეველი არაფერია და საკითხის მოგვარების შემდეგ მუნიციპალიტეტი ნამდვილად გამოთქვამს მზადყოფნას, პროექტი ამუშავდეს“, – განაცხადა გურასპაშვილმა.

“სურამთან მიმართებით ახლა სივრცითი გენგეგმა მუშავდება და გამარჯვებული იდეა, თავისი კომპონენტებით, ჩაჯდება სივრცით გენგეგმაში. ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის, ამიტომ სხვა ტერიტორია მოიძებნება. გენგეგმაში სადაც იქნება ასახული, იმის მიხედვით დამუშავდება პროექტი და მის განხორციელებაში მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლება დავეხმარებით”, – უთხრა droa.ge-ს მზია გიორგობიანმა.

2020 წლისთვის განხორციელების დაპირება ვერ გაიცა ცაგერის გუნდისთვისაც. როგორც მზია გიორგობიანმა თქვა, ცაგერის პროექტით შერჩეული მიწა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არ არის, ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, ხოლო სხვის მიწაზე მუნიციპალიტეტი ხარჯს ვერ გასწევს. ამიტომაც, სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად, ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებას შეეცდება.

“ცაგერთან მიმართებით განხორციელებას ვერ დაგპირდებით, იმიტომ, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის და მუნიციპალიტეტი მასზე ხარჯს ვერ გასწევს. იდეა არაჩვეულებრივია, ამიტომ სხვა გადაწყვეტა ვნახეთ, რასაც მუნიციპალიტეტი გააჟღერებს”, – განაცხადა გიორგობიანმა.

ცაგერის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი გამარჯვებული გუნდის წევრებს დაპირდა, რომ მათი პროექტის განხორციელებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ პროექტით გათვალისწინებული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და არა – მუნიციპალიტეტს, გუნდს მათთან და სამინისტროსთან ერთად იურიდიული პროცედურების გავლა და ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაზე მუშაობა შესთავაზა.

გამარჯვებული გუნდები

ტყიბულში გამარჯვებული გუნდის ლიდერი საბა ქელბაქიანი ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი ოთხივე იდეა საინტერესო იყო და თუკი ყველა განხორციელდება, ტყიბულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

საბა ქელბაქიანი (ტყიბული): “ჩვენი პროექტის სახელწოდებაა „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ტყიბული სპორტულ ინფრასტრუქტურას მოკლებულია, ერთი სპორტული მინიმოედანიც არ გვაქვს ქალაქში, ასევე, არ არის გარე ტრენაჟორები და შევეცადეთ, მთელი ქალაქი მოგვეცვა ჩვენი პროექტით. 7 უბანში მოეწყობა ტრენაჟორები, ცენტრალურ ადგილას კი მოეწყობა მინიმოედანიც. ამ ტერიტორიებზე ძველი, საბჭოთა დროინდელი სკვერები იყო და მათი რეკონსტრუქცია მოხდება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იდეა განხორციელდება, ამის დაპირებაც უკვე მივიღეთ. არ არის რთულად განსახორციელებელი პროექტი. გვითხრეს, რომ 75% ინფრასტრუქტურის სამინისტრო დააფინანსებს, 25% კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა”.

სურამში გამარჯვებული გუნდის ლიდერის, მარიამ ბარბაქაძის თქმით, მათი პროექტი ძალიან მასშტაბურია და მისი განხორციელება სურამს წინ წასწევს.

მარიამ ბარბაქაძე (სურამი): “ჩვენი საპროექტო იდეის სახელწოდებაა “ბულვარი – სურამის ახალი სიცოცხლე”, რაც ყოფილი რკინიგზის ტერიტორიაზე სასეირნო ბულვარისა და სხვადასხვა სივრცის – ბიბლიოთეკის, კინოთეატრის და გასართობი ცენტრების მოწყობას გულისხმობს. ტერიტორია, სადაც ბულვარის მოწყობას ვგეგმავთ, რკინიგზის საკუთრებაა, მაგრამ რამდენადაც ვიცით, სახელმწიფო მოაგვარებს ამ პრობლემას. მინდა ვთქვა, რომ თავიდან ხალხის ნდობის მოპოვება და დაინტერესება ცოტა გაგვიჭირდა, გვიწევდა იმის მტკიცება, რომ, თუკი საპროექტო იდეა გაიმარჯვებდა, ის აუცილებლად განხორციელდებოდა. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და რომ არ განხორციელდეს, ძალიან დიდ უნდობლობას დავნერგავთ ხალხში”.

ცაგერში გამარჯვებული გუნდის ლიდერი ვასილ ქარსელაძე აცხადებს, რომ ისინი არ შეწყვეტენ აქტიურობას, სანამ სამინისტრო და მუნიციპალიტეტი მათი პროექტის განხორციელებას არ დაიწყებს. 

ვასილ ქარსელაძე (ცაგერი): “ჩვენი პროექტის სახელწოდებაა „სათავგადასავლო და ექსტრემალური პარკი”, რომელიც უნდა განხორციელდეს ცაგერში. მუნიციპალიტეტის დაპირებით და ასევე სამინისტრო იღებს იმის ვალდებულებას, რომ პროექტი გადამუშავდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ  ყველანაირად შეეცდებიან, განახორციელონ. გარკვეული ტექნიკურ-ბიუროკრატიული პრობლემებია. ითქვა, რომ მიწა, სადაც პარკი უნდა გაკეთდეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის, მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამ საკითხის მოგვარება ტექნიკურად შესაძლებელია. მისი გადაფორმება-გადმოფორმება, ასეთი ბიუროკრატიული საკითხი თუ იქნება პროექტისთვის ხელისშემშლელი, ნამდვილად გვეწყინება”.

მისივე თქმით, ტექნიკურად გამარჯვებულები არიან, მაგრამ მათთვის გამარჯვება ისაა, თუ ეს პროექტი განხორციელდება და ამით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა.

“შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მის განხორციელებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვლით ჩვენს შრომას და ჩვენს საქმეს გაკეთებულად. ჩვენ შევპირდით ხალხს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროექტი განხორციელდებოდა და ჩვენ ხალხის მიმართ ვალდებულება გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით სინდისის ხმა სამინისტროსთვის და სახელმწიფოსთვის, რომ მან ეს აუცილებლად განახორციელოს, აუცილებლად შევაწუხებთ ჩვენთვის ყველა შესაძლო მეთოდით. მგონია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ პროექტი განხორციელდება და მას ცალკეული ბიუროკრატიული ბარიერი წინ ვერ დაუდგება”, – დასძენს ქარსელაძე.

ჭიათურაში გამარჯვებული გუნდის ლიდერი სოსო გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მათ პროექტს მუნიციპალიტეტში დიდი ინტერესი მოჰყვა და ადამიანებს ბიზნესის დაწყების გეგმებიც უკვე გაუჩნდათ.

სოსო გაფრინდაშვილი (ჭიათურა): “ჩვენი პროექტი გულისხმობს „ტურიზმის განვითარების ცენტრის” მოწყობას. ეს იქნება ძველ, მიტოვებულ საბაგიროს შენობაში განთავსებული საინფორმაციო სივრცე, რომელიც ტურიზმს გაუწევს ინფორმირებას, გააპიარებს ქალაქს, ამასთანავე, იქნება ადგილობრივებისთვის გადასამზადებელი სივრცე, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადგილობრივს, ჩაერთოს ტურიზმის სფეროში და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი და ახალი სამსახური გაჩნდეს ჩვენს ქალაქში.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი იდეის გამარჯვების შემდეგ უკვე 7 ადამიანმა გამოთქვა ინტერესი. გვითხრეს, რომ თაროზე შემოდებული იდეები აქვთ და გადაწყვიტეს, განახორციელონ. იდეებს შორისაა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმროს, ასევე, კაფე-ბარის გახსნა და სხვა. ჩვენი ცენტრი იქნება საწყისი, რომელიც ქალაქში ახალ სიცოცხლეს შექმნის და ამის გაგრძელება იქნება ის, რომ ადგილობრივები თვითონვე განახორციელებენ გარკვეულ პროექტებს. ტურიზმი ჭიათურას, როგორც ურბანულად, ისე მატერიალურად განავითარებს“.

გარდაბანში გამარჯვებული პროექტის ლიდერის, ნათია ონიანის თქმით, მათ პროექტზე მუშაობა მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო.

ნათია ონიანი (გარდაბანი): “ჩვენი პროექტის სახელწოდებაა “აი გაჩერება”. ძალიან ცოტა ხმით გავიმარჯვეთ, მოსახლეობის დაინტერესება და აქტიურობა დიდი იყო. ჩვენი პროექტი იყო სწორედ ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს სჭირდება. თანაც, აღინიშნა, რომ ჩვენი პროექტი იყო ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებული, ეს მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაშიც ახსენა. პროექტის ნაწილს სამინისტრო რეგფონდიდან დააფინანსებს, ნაწილს – ადგილობრივი თვითმმართველობა. ამ ეტაპზე ჩვენ გუნდსა და მუნიციპალიტეტს შორის მიდის შეთანხმება, ზუსტად როგორი გაჩერებები უნდა იყოს. შეიძლება, ზუსტად იგივე კონსტრუქცია არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენი შენობა ცოტა პომპეზურობას მოითხოვს, ამიტომ პროექტი უნდა დაიხვეწოს, გადახალისდეს, მუნიციპალიტეტის იერ-სახეს უნდა მოერგოს. ლოკაციები კი რჩება ზუსტად იგივე ადგილებში და ჯამში სულ 8 ინოვაციური გაჩერება მოეწყობა”.

როგორც გაირკვა, ამ მუნიციპალიტეტებში არა მარტო გამარჯვებული 5 პროექტის, არამედ კონკურსში მონაწილე სხვა 10 პროექტის განხორციელებაზეც იმუშავებენ. რომელი პროექტიც მოეწონება მუნიციპალიტეტს, მის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოძიებაში მას სამინისტრო დაეხმარება.

მზია გიორგობიანი: “ეს იქნება დროში გაწერილი პროექტები, რომლებიც დროთა განმავლობაში განხორციელდება. ამ ხუთი პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტი რომელ პროექტსაც მოიწონებს და საჭიროდ ჩათვლის, რომ განახორციელოს, მაგრამ ნახავს, რომ ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის, დავეხმარებით ფინანსური რესურსის მოძიებაში. მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს, რა მონაწილეობით შევიდეს მის განხორციელებაში”.

ანალოგიური პირობა დადო ტყიბულის მერის მოადგილემ, გიორგი ლომთაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალში, არა მხოლოდ გამარჯვებული იდეის, არამედ მონაწილე ყველა იდეის რეალიზებას განიხილავს.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყველაზე დიდი აქტიურობა ტყიბულში იყო. თავდაპირველად 7-მა გუნდმა გაიარა რეგისტრაცია იდეების დონეზე, შემდეგ დარჩა 4 გუნდი. მუნიციპალიტეტი მომავალში ყველა პროექტის რეალიზებას განიხილავს, თუმცა, გამარჯვებული პროექტის რეალიზებაზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და 2020 წლიდან განვახორციელებთ”, – თქვა ლომთაძემ.

ჭიათურის მერის მოადგილემ, გიორგი ბიწაძემაც დადო პირობა, რომ, გამარჯვებული იდეის გარდა, ჭიათურის სხვა 2 ახალგაზრდულ პროექტსაც მიაქცევენ ყურადღებას. ამავე აზრზეა გარდაბნის მერის მოადგილე რევაზ ეგაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მოეწონათ და ამ პროექტის ფარგლებს მიღმაც გეგმავენ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

გარდა იმისა, რომ გამარჯვებული პროექტების განხორციელების პირობას ინფრასტრუქტურის სამინისტროც და ხუთივე მუნიციპალიტეტის მერიები საჯაროდ დებენ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “აგორა” გამარჯვებულ გუნდებს 2020 წლის დასაწყისში პრაღაში სასწავლო ტურით წაიყვანს, სადაც ისინი თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გააცნობენ.