არასამთავრობოები: “გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

414

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

ორგანიზაციები ამის მიზეზებსაც განმარტავენ:

“კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე. ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს.

აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, „საარჩევნო  კოდექსში” ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში.

შერეული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional)  საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. ის ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები.

კლასიკური „გერმანული მოდელი” ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას”, – აცხადებენ საერთო წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, “ევროპულმა საქართველომ” ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.