ქარელის მერი პირდაპირ ხელშეკრულებებს ახლადშექმნილ კომპანიებთან აფორმებს

42

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, პირდაპირი წესით, ხელშეკრულებებს იმ კომპანიების წარმომადგენლებთან აფორმებს, რომლებიც 2019 წელს დაფუძნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მაგალითად, ბრეთის მეურნეობაში ამბულატორიის რეაბილიტაციას ის კომპანია განახორციელებს, რომელიც 2019 წლის აპრილში დარეგისტრირდა. შპს ,,თრიალეთი 2019″-ს ხელშეკრულება 2019 წლის 17 ოქტომბერს გაუფორმა.

კომპანიის წარმომადგენელი კობა მარჯანიძე Qartli.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რაიმე სახის მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას აქამდე არ ჩაუტარებია.

„დაგვიმონტაჟებია გათბობა,

გაგვიკეთებია წყარო, მაგრამ შენობის რეაბილიტაცია აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია. ხელშეკრულების ფარგლებში სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ამბულატორიის 3 ოთახი უნდა გავაკეთოთ, ასევე საკანალიზაციო ქსელი და სხვა სამუშაოები“- უთხრა Qartli.ge-ს კობა მარჯანიძემ

Qartli.ge ქარელის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ გააჩნია.

„ამ კომპანისთან უკვე ბევრი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ვგულისხმობ. „თრიალეთი 2019 „ მიმდინარე წელს დარეგისტრირდა და ჩვენს გავუფორმეთ პირდაპირი ხელშეკრულებები. თუ თქვენც დაარეგისტრირებთ შპს-ს ერთ პროექტს თქვენც მოგცემთ, სამუშაოებს თუ კარგად შეასრულებთ, შემდეგ სხვა ხელშეკრულებესაც გაგიფორმებთ. ასე ხდება აბა 10 000 ლარის გამო თბილისიდან ქარელში არავინ ჩამოვა“- ამბობს ზაზა გულიაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტსა და შპს „თრიალეთი 2019“-ს შორის ხელშეკრულება 17 ოქტომბერს გაფორმდა. კომპანი ვალდებულია ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 45 დღის ვადაში 2 დეკემბრამდე დაასრულოს.