რეკრეაცია, ინოვაციური გაჩერებები, „კარცერ-ლუქსი“ – როგორ წარმოუდგენიათ გარდაბნის განვითარება ადგილობრივ ახალგაზრდებს

741

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ პროექტში გარდაბნის 3 გუნდია ჩართული. იდეების პრეზენტაცია 29 ოქტომბერს გაიმართა. ამ სამიდან რომელი გუნდის იდეა ჩათვალა ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე საინტერესოდ, ეს 4 ნომბერს კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და შეიტანონ წვლილი მის განვითარებაში.

„კარცერ-ლუქსი“, რეკრეაციული ზონა და ინოვაციური გაჩერებები – ეს არის ის სამი პროექტი, რომელიც გარდაბანში ახალგაზრდულმა გუნდებმა წარმოადგინეს და რომლიდანაც ერთი 4 ნოემბერს გამარჯვებული გახდება.

კარცერ-ლუქსი“   

„კარცერ-ლუქსის“ იდეა გარდაბნელ ახალგაზრდებს – ნიკა გავაშელიშვილს, მანანა კვიციანსა და მერი მახნიაშვილს ეკუთვნით.

ეს არის იდეა საგანმანათლებლო, გასართობი და შეხვედრების სივრცის შექმნაზე, სადაც ადამიანები, მყუდრო გარემოში, ინფორმაციას გაუზიარებენ ერთმანეთს. ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თემაზე ჩატარდება ტრენინგები, შეხვედრები, მოეწყობა კინოჩვენებები. სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა პატარა კაფე, წიგნის მაღაზია, სამკითხველო, სადაც მსურველს როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ წიგნებით სარგებლობა შეეძლება.

შენობა, სადაც ახალგაზრდები ამ სივრცის მოწყობა გეგმავენ, გარდაბნის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს შენობა დღეს გაპარტახებული და დანგრევის პირასაა მისული.  

ახალგაზრდები ვარაუდობენ, რომ შენობის აღდგენასა და მოწყობას  200 000 ლარი დასჭირდება.

გუნდის წევრების თქმით, გარდაბანში არ არსებობს შეხვედრების ადგილი, როგორსაც წარმოადგენს კაფე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, მყუდრო გარემოში დასხდნენ და ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთს. არ არის ინტერნეტსივრცე. არსებულ ბიბლიოთეკაში  არ არის თანამედროვედ აღჭურვილი საინტერესო გარემო, რის გამოც ბავშვები ხშირად არ სარგებლობენ ამ სივრცით. ამავდროულად, არ არის სატრენინგო ცენტრი, სადაც სხვადასხვა თემებზე ჩატარდება საინფორმაციო ტრენინგები, ასევე, შეხვედრები მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

ამიტომაც პროექტის ავტორების იდეაა, შეიქმნას სივრცე, რომლის სახელწოდება იქნება „კარცერ-ლუქსი“, რაც პირდაპირ ასოცირდება ცოდნასთან და ინფორმაციის შეძენასთან.

როგორც პროექტშია აღნიშნული, მულტიფუნქციურ სივრცეში რამდენიმე ოთახი იქნება: პირველი ძირითადი ოთახი იქნება ძველებურ სტილში მოწყობილი კაფე, ამავე ოთახში იქნება წიგნების მაღაზია. მეორე ოთახი დაეთმობა სამკითხველოს. ამ ოთახში იქნება კარცერ-ლუქსის მფლობელობაში არსებული თანამედროვე ლიტერატურა და ელექტრონული წიგნების ბაზა. იდგება რამდენიმე კომპიუტერი, ინტერნეტრესურსით უზრუნველყოფილი. მესამე ოთახი მოეწყობა პუფებით, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგი, დისკუსია, პრეზენტაცია. განთავსებული იქნება პროექტორი, სადაც გაიმართება კინოჩვენებები, სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები.

იდეის ავტორების თქმით, „კარცერ-ლუქსის“ ერთ-ერთი მიზანი იქნება, შემოსული თანხებით დაეხმაროს გარდაბანში სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ბავშვებს საჭირო ნივთებითა და წიგნებით, ასევე, წარჩინებულ სტუდენტებს – სწავლის საფასურის მცირე ნაწილის დაფარვაში.

მათივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მზადაა, ბიბლიოთეკა ლიტერატურით სრულად მოამარაგოს და რამდენიმე კომპიუტერიც გადასცეს მათ. გარდა ამისა, იდეას მხარს უჭერენ ა/ო ახალგაზრდული კავკასიური კავშირი და ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარებენ ტრენინგებს და შეხვდებიან მოსახლეობას.

რეკრეაციული ზონა

კიდევ ერთი პროექტი – „რეკრეაცია“, რომელიც გარდაბნელ ახალგაზრდებს – კესო გიგანს, გუგა მაჭარაშვილსა და პაატა ეგაძეს ეკუთვნით, სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ  უბანში, სადაც დღეს „პურკომბინატის“ ნანგრევებია და ადგილი  ნაგავსაყრელად და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. აღნიშნული ტერიტორია დღეს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რის გამოც ადგილობრივ თვითმმართველობას მისი მოვლა-პატრონობის უფლება არ ეძლევა.

ახალგაზრდების იდეაა, რომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე „პურკომბინატის“ ნანგრევების ადგილას, 9025 კვ.ფართობზე, რეკრეაციული ზონა მოეწყოს, დამონტაჟდეს ტრენაჟორები, მოეწყოს ველო და სარბენი ბილიკები, კულტურულ და დასასვენებელი სივრცეები და ამით ქალაქმა სარგებელი ნახოს. მათი გათვლებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარია.  

გუნდის წევრების თქმით, გარდაბანში გამწვანებული ტერიტორიების დეფიციტია. არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი დასასვენებელი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობამ გაისეირნოს, განიტვირთოს, გაერთოს და გაართოს ბავშვები სუფთა, უსაფრთხო და მწვანე საფარით უზრუნველყოფილ გარემოში. ამ ფონზე კი მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრია მიტოვებულ და გამოუყენებელი ტერიტორიები, შენობა-ნაგებობები, რომელიც დღეს ნაგავსაყრელადაა ქცეული და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს მიტოვებული, ანტისანიტარიული ტერიტორიის გაწმენდა, ნანგრევების გატანა და გამწვანება. შემდეგ ტერიტორია უნდა დაიყოს სივრცეებად: საბავშვო სივრცეში განთავსდება ბავშვთა ატრაქციონები, სილაში სათამაშო კუთხე და ალპინისტური კედელი; სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეში განთავსდება ძელები, ორძელები, „შვედური კედელი“, ტრენაჟორები, სარბენი/ველო ბილიკები და ბაგირი; შემეცნებითი სივრცეში იქნება სტენდები, სადაც ელწიგნებს მინიჭებული ექნება QR-კოდი; ასევე, მოსახლეობისთვის მოეწყობა მწვანე კუთხე, სადაც გარდაბნელებს საშუალება ექნებათ, თავიანთი გემოვნებით შეარჩიონ მცენარეული საფარი და ხელი შეუწყონ პარკის გამრავალფეროვნებას.

ახალგაზრდები, ასევე, ფიქრობენ, რომ მოეწყოს ე.წ. „აგორას კუთხე“, სადაც განთავსდება ყუთი სახელწოდებით – „მიაწვდინე შენი ხმა თვითმმართველობას“. ამით მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებრივი თავშეყრის დროს განხილული პრობლემური საკითხები, წინადადებები, ინოვაციური იდეები გააცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

რეკრეაციული ზონა უზრუნველყოფილი იქნება პარკისთვის საჭირო ინვენტარით, გარეგანათებით, მწვანე საფარით, დეკორატიული მარადმწვანე ნარგავებით, ავტომატური სარწყავი სისტემით, უფასო Wi-Fi-ით, საზოგადოებრივი საპირფარეშოებით და სასმელი წყლის მცირე შადრევნებით. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდება მცირე საინფორმაციო აბრა, სადაც დატანილი იქნება გარდაბნის რუკა მისი მცირე აღწერით. პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ინოვაციური გაჩერებები

მესამე პროექტი, რომელიც არდაბნელ ახალგაზრდებს – ნათია ონიანს, გიორგი ონიანსა და გიორგი ფოჩხიძეს ეკუთვნით, ქალაქში ინოვაციური მოსაცდელების მოწყობას ითვალისწინებს.

გაჩერებების“ იდეა გულისხმობს გარდაბანში კომფორტული, შემეცნებითი და ეკოლოგიურად სუფთა მოსაცდელების მოწყობას, ათა ტრანსპორტის განრიგის არარსებობის გამო მგზავრებისთვის მოცდის დრო შემსუბუქდეს. გაჩერებები აღჭურვილი იქნება ინტერნეტით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, მზის პანელებით, დენცქვიტებით, მონიტორით, სადაც გავა ვიდეორგოლები, იქნება არაკომერციული სარეკლამო ბანერიც და მოქალაქეები მოსაცდელში მიიღებენ ინფორმაციას, როგორც შემეცნებითს, ისე  მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე; დაიდგმება ყუთი, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ საკუთარი იდეა მიაწოდონ მუნიციპალიტეტის მერიას. ახალგაზრდების გათვლებით, პროექტის ღირებულება 80 000-100 000 ლარამდეა.

გუნდის წევრების თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო, ტრანსპორტს ქაოტურად და დაუგეგმავად უწევს მოძრაობა, არ არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მგზავრს შეუძლია, დაგეგმოს გადაადგილების მარშრუტი. არსებული მოსაცდელები კი ამორტიზებულია და ადამიანებს წვიმაში, თოვლში, მზეზე ღია სივრცეში უწევთ ლოდინი. ამიტომაც, მგზავრებისათვის ლოდინის შესამსუბუქებლად გაჩნდა იდეა, ინოვაციური, შემეცნებითი და კომფორტული გაჩერებები მოეწყოს.

პროექტის მიხედვით, ახალი გაჩერებები 4 ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოეწყობა: ე.წ. თბილსრესის მოედნის მიმდებარედ, სადაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იყრის თავს; ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლის მიმდებარედ, გამშვებ პუნქტთან დამაკავშირებელ გასასვლელზე და მერიის ყოფილ შენობასთან.

იდეის ავტორების თქმით, ქალაქი, გარკვეულწილად, ინფორმაციულ ვაკუუმშია და ფიქრობენ, რომ ტაბლო, რომელიც  გაჩერებებზე დამონტაჟდება, მოსახლეობას ბევრ საინტერესო ფაქტს გააცნობს, ასევე, ფიქრობენ, რომ გაამართლებს ურნის – „იდეა მუნიციპალიტეტს“ დადგმაც, რისი მეშვეობითაც ყველას შეეძლება, საკუთარი იდეა მიაწოდოს მერიას.

ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს  იდეა გაამართლებს და ინოვაციური გაჩერებების რაოდენობა გაიზრდება გარდაბანში. პლუს, სხვა მუნიციპალიტეტებიც გაიზიარებენ ამ ინოვაციური გაჩერებების იდეას.

რომელ პროექტს აირჩევენ გარდაბნელები, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 4 ნოემბერს გარდაბნის კულტურის სახლში ქალაქის მცხოვრებლებს სასურველი პროექტის მხარდაჭერა კენჭისყრაში მონაწილეობით შეუძლიათ. ახლა სწორედ მათზეა დამოკიდებული, რომელი პროექტი განხორციელდება გარდაბანში.