მუცოს ახალი სიცოცხლე – დოკუმენტური ფილმი

85

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. პროექტი ჟიურიმ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეარჩია.

მუცოს ახალი სიცოცხლე დოკუმენტური ფილმია, რომლითაც საქართველო პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის ფარგლებში, ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე წარსდგა.

ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტის ავტორის – სოსო ბანძელაძის ხსოვნას მიძღნილი ფილმი ათწლეულობით მიტოვებული არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის 6 წლიან მიმდინარეობას წარმოაჩენს, რომელიც 2014 წლიდან სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს მიერ დაფინანსდა. ის ასახავს პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიან სოფელში დაწყებულ უკუმიგრაციის პროცესს, მშრალი ფიქალის წყობის მეთოდის აღდგენილ ტრადიციასა და რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის სახით დაძლეულ პრობლემებს, რამაც მუცოს პროექტი საქართველოს სარესტავრაციო პრაქტიკაში უნიკალურ მაგალითად აქცია.

ფილმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინციატივით მომზადდა სტუდია “აქტმედია”-ს მიერ.

მუცოს აღდგენა 2014 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

2014-2015 წლებში მუცოს რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 450 ათასი ლარი მოხმარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი ფონდ “ქართუს” მიერ გაღებულმა თანხამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი შეადგინა.

ციხე-ქალაქის აღდგენა წელს დასრულდება, ხოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – 2020 წელს.