როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ქალაქისა თუ დაბის განვითარება ახალგაზრდებს – 16 გუნდის იდეების პრეზენტაცია „ფაბრიკაში“

2964

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

ახალგაზრდული იდა ურბანული განვითარებისათვის“ – ამ პროექტში ჩართული 5 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა გუნდებმა წარმოადგინეს პროექტები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ქალაქის თუ დაბის განვითარება

პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში, „ფაბრიკაში“ გამართა, ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდულმა გუნდებმა საკუთარი ხედვები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს გააცნეს.

მუნიციპალიტეტებში ამ პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია „აგორა“ ახორციელებს. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, მისი მიზანია, რომ საკუთარი ქალაქის/დაბის განვითარების ხედვის შემუშავებაში ადგილობრივი ახალგაზრდები აქტრიურად ჩაერთონ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თავდაპირველად ხუთივე მუნიციპალიტეტში 24-მა გუნდმა შეიტანა განაცხადი, თუმცა, მათგან 16 გუნდის იდეა შეირჩა. გუნდის წევრების ასაკი 18-დან 30-წლამდეა და ყველა წევრი ადგილობრივია.

წარმოდგენილი 16 გუნდიდან 5 გუნდი ტყიბულს ჰყავს, სურამში, გარდაბანსა და ჭიათურაში 3-3 გუნდია, ცაგერში კი – 2.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან გაიმარჯვებს ერთი გუნდი და გამარჯვებული იდეის ავტორები მომავალი წლის დასაწყისში ქალაქ პრაღაში, სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოთქვამს მზაობას, რომ ის იდეა, რომელიც მოწონებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და გაიმარჯვებს, ასევე, მხარდაჭერილი იყოს სამინისტროს მხრიდანაც და მის განხორციელებასა და დაფინანსების წყაროების მოძიებაზე იფიქროს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მოისმინა და ახალგაზრდების ატიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როცა შემოვედი, მკითხეს, რეგიონებში იდეების სიმწირე ხომ არ არისო?! სიმწირე კი არა, ძალიან ჭარბად არის,“-  გუნდების მიერ გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა გიორგობიანმა.

ამასთან, გიორგობიანის თქმით, სამინისტრო ეცდება, გამარჯვებული იდეის განხორციელებას ხელი შეუწყოს.

„განსხვავებული რეგიონები, ლოკაციები შევარჩიეთ, რომ რეალურად დაგვენახა, რა საჭიროებები გვაქვს, სად ვხედავთ ჩვენს სისუსტეებს და სად გვაქვს ჩვენი სიძლიერე, რომ ჩვენი ჩართულობით რაღაც უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი დასახლებული პუნქტის განვითარებისთვის, მეტი ადამიანის მოზიდვისთვის, მათ შორის, ტურისტული ადგილების შექმნისათვის… დიდი მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, მენტორებს. ჯერ გამარჯვებული არ ვიცით, თუმცა, ჩვენი მხრიდან გვაქვს მზაობა, რომ ის იდეა, რომელიც მოწონებული იქნება, ასევე მხარდაჭერილი იყოს სამინისტროს მხრიდან… დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენთაგანის იდეა ასევე გათვალისწინებული იქნება ჩვენს გეგმებში,“- განაცხადა გიორგობიანმა.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის –დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოშიმენეჯერის, ნინო კაკუბავას თქმით, ეს პროექტი ემსახურება იმას, რომ გაძლიერდეს  ახალგაზრდების ჩართულობა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში

ნინო კაკუბავა: „ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ ამ ახალგაზრდებში იმისა, რომ თავიანთ ქალაქებში რაღაც ძალიან კარგი და ღირებული  გააკეთონ და ვფიქრობ, ეს პროექტი არის მათთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ თავიანთი სურვილების და ხედვების რეალიზება მოახდინონ.  ძალიან საინტერესო პროცესია… რატომ ეს 5 მუნიციპალიტეტი? ჩვენი კრიტერიუმები გვქონდა, სადაც ახალგაზრდები ნაკლებად არიან და გადინება უფრო მაღალია, გვინდა, იქ უფრო მეტად გავააქტიუროთ ახალგაზრდობა. ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, რომ მსგავსი ინიციატივები სხვა მუნიციპალიტეტებშიც განვახორციელოთ და შემდგომ წლებში, სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება“.

კაკუბავა იმედოვნებს, რომ გამარჯვებული იდეის დაფინანსება მოხდება. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან გამარჯვებული პროექტების დაფინანსების მზაობაა, თავად გაეროს განვითარების პროგრამაც მზადაა, მუნიციპალიტეტებს გამარჯვებული პროექტების დახვეწაში დაეხმაროს იმისათვის, რომ მათ დაფინანსების სხვა წყაროებიც მოიპოვონ.

მისივე თქმით, გამარჯვებული გუნდები წავლენ ჩეხეთში, რათა ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლონ ჩართულობის მექანიზმების შესახებ და მეტი ახალი იდეით დაბრუნდნენ იქედან.

პრეზენტაციაზე ყველა გუნდმა საკუთარი იდეა წარმოადგინა. იდეები მრავალფეროვანი, სხვადასხვა მასშტაბის და ბიუჯეტის იყო. იყო შემეცნებითი სივრცის, მოსაცდელების, სპორტული მოედნებისა თუ სათავგადასავლო და ექსტრემალური გასართობი პარკის შექმნის იდეები. იდეებიდან ყველაზე მცირე ხარჯიანი პროექტი 80 000 ლარს შეადგენს, ყველაზე მასშტაბური პროექტი ღირებულება კი – დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს.

ლანა ვაშაძე, ეკოლოგი (ჭიათურა): „ჭიათურაში არ არსებობს კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცე, სადაც წიგნის მოყვარულ ადამიანებს საშუალება ექნება მივიდნენ და წაიკითხონ წიგნი; არ არსებობს გარემო, სადაც ტრენინგები, გამოფენები და პრეზენტაციები გაიმართება; ასევე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სივრცით, სადაც შეძლებენ შეკრებას, მეცადინეობისთვის, სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. მოგეხსენებათ ჭიათურასთან ასოცირდება საბაგირო, ამიტომ ჩვენი პროექტის მიზნად დავისახეთ, ამ ქალაქის ცენტრში მდებარე 5-სართულიანი საბაგიროს მიტოვებულ შენობაში შევქმნათ თანამედროვე მრავალფუნქციური, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე – „ბაგირ ჰაბი“. გვინდა, რომ 5-ვე სართული ფუნქციურად დავტვირთოთ და ამ შენობაში მოვაწყოთ სხვადასხვა სივრცე – სამკითხველო დარბაზი, შეხვედრების ოთახი, საგამოფენო დარბაზი და კაფე. გვინდა, შენობა გარედან მოიხატოს ჭიათურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ზომისა და ფორმის საბაგიროებით. სამკითხველო ოთახის, „კარცერ ლუქსის“ განთავსება გვინდა ბაქანზე, რომელიც ამ შენობას აქვს.  პროექტის საერთო ღირებულება 850 000 ლარია. პროექტი ეხება საბაგირო შენობის რემონტს და სხვადასხვა სივრცის მოწყობას. პროექტის სარგებელი იქნება ის, რომ მიტოვებული და უფუნქციო შენობა შეიძენს ახალ სიცოცხლეს“.

სანდრო ჭელიშვილი, თსუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი (ტყიბული):ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ტყიბულის ძველი პოლიციის შენობაში მულტიფუნქციური ზონის გაკეთებას და ამ თემატიკიდან გამომდინარე, პროექტს დავარქვით „შერიფი“. დღეს ტყიბულში არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები დარჩენას შეძლებენ, ან გარკვეულ პრეზენტაციებს გამართავენ.  ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ისეთივე სივრცის შექმნას, როგორიცაა, მაგალითად, თბილისში პოპულარული ადგილი – „ფაბრიკა“. ჩვენ გვინდა, მიტოვებულ შენობაში გაკეთდეს საკონფერენციო დარბაზი, ჰოსტელი, კაფე, ოკუპაციის მუზეუმი შენობის სარდაფში, სადაც პატიმრების საკნები იყო. ვთვლით, რომ საქართველოს ბევრ ქალაქში უნდა იყოს ოკუპაციის მუზეუმი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა. ასევე, გვინდა მოვაწყოთ სავაჭრო სივრცეც ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გასაყიდად. ამ შენობას აქვს ეზო და ამ ეზოში დაიდგმება ძველი მანქანა, დაახლოებით ისეთი, როგორიც დგას ამბროლაურში და რომელიც მოიხატება. ასევე მოიხატება შენობის ფასადიც. ასევე, ეზოში დაიდგმება სკამებიც, იქნება ღია კინოთეატრიც. ბიუჯეტი ზუსტად დათვლილი არ არის, დაახლოებით 500-600 ათასზეა საუბარი. გვითხრეს, რომ, თუკი ჩვენი იდეა მოეწონებათ, ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება შესაძლებელია. გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. იმედი რომ არ გვქონდეს, არც მივიღებდით მონაწილეობას“.

ნინო ხაჩიძე, ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (დაბა სურამი): ახლა დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავბრუნდი სურამში და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე მერაბ არევაძესთან ერთად, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერია. ბევრი იდეა განვიხილეთ, რომელიც შეიძლება მორგებოდა ჩვენი დაბის ურბანულ განვითარებას, თუმცა, საბოლოოდ შევჯერდით, რომ, თუ ჩვენი იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს, შევქმნათ „ჭკვიანი სივრცე“. როდესაც რაიმე სახის საინფორმაციო შეხვედრაა, ან თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ადგილობრივები იკრიბებიან, არ გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ გავერთიანდეთ, დავსხდეთ, ადამიანურად ვიმსჯელოთ. დაბის ცენტრში სტადიონის მიმდებარედ არის თავისუფალი ტერიტორია,რომელიც  მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. აქ გვინდა აშენდეს ეკოსივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება დენით, ინტერნეტით, პროექტორით, წიგნებით, მაგიდებით, სკამებით და ა.შ. ეს იქნება მულტიკომპლექსური სივრცე, სამუშაო შეხვედრის სივრცე, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სხვა თაობის წარმომადგენლებისთვისაც. ასევე, დაბაში არ არსებობს ტურისტული ცენტრი და ამდენად, აქ, ასევე, თავს მოიყრის  სურამის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციაც.  ეს იქნება ერთგვარი ეკოჰაბი, ეკოლოგიური სტანდარტის მქონე ნეოტრალური, უფასო სივრცე, რომლის შექმნა შესაძლებელია მცირე დანახარჯებით, დაახლოებით 70 000 ლარით. სივრცე იქნება როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის, მოძრავი ვიტრაჟებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სივრცის გაზრდა-დაპატარავება, ასევე, შიგნით იქნება ეკოენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემა, რომელიც არ საჭიროებს კაპიტალურ შენობას. თუ ჩვენი პროექტი ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, კიდევ ორი საპროექტო იდეაა წარმოდგენილი სურამიდან, ორივე ძალიან ძვირადღირებული, ორივე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელება სურამის პოტენციალს  წამოწევს. თუმცა, რადგან ეს არის კონკურსი, ჩვენ ისეთი იდეა მოვიფიქრეთ, რომელიც რეალურად განხორციელებადია და უსაზღვრო ბიუჯეტს არ გულისხმობს. პირველ რიგში, რეალისტები ვიყავით და გამარჯვების იმედიც გვაქვს“.

ნათია ონიანი, ()იპ გარდაბანსერვისის საფინანსო განყოფილების სპეციალისტი (გარდაბანი): “ქალაქ გარდაბანს სატრანსპორტო კომპანია არ გააჩნია, ამიტომ მოსახლეობამ არ იცის ავტობუსების ზუსტი განრიგი. მოსაცდელები კი ამორტიზებულია და რამდენად ნორმალურია ის, რომ ქარში, წვიმაში, თოვლში, თუ ძალიან სიცხეში ადამიანები დგანან მოსაცდელში და თანაც, არ იციან, ტრანსპორტი როდის მოვა. ამიტომ ჩვენი პროექტი ეხება მოსაცდელებს. ინოვაციაა ის, რომ ჩვენს მოსაცდელებზე დამონტაჟდება მონიტორი, იქნება  ელექტრონული ბიბლიოთეკა, ასევე, სარეკლამო სტენდი განხორციელებულ პროექტებზე, მაკულატურის ყუთი და ა.შ, რომ ადამიანებმა დრო უფრო ნაყოფიერად და შემეცნებითად გამოიყენონ. საუბარია 8 მოსაცდელზე ქალაქის ცენტრში. პროექტის ბიუჯეტზე მუშაობა ახლა მიდის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან და დაახლოებით საუბარია 250 000-300 000 ლარზე. გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროექტს მიმდევრებიც ეყოლება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც გამოჩნდება ასეთი მოსაცდელები“.

ვასილი ქარსელაძე, საადვოკატო კომპანია „T&M Consulting” ადვოკატის თანაშემწე (ცაგერი): „ჩვენი იდეა მიზნად ისახავს სათავგადასავლო და ექსტრემალური პარკის შექმნას, რაც ერთიანობაში მხარის ტურისტული მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გუნდს სჯერა, რომ იმ დიდი ტურისტული პოტენციალის გამოყენება, რომელიც გააჩნია ქალაქ ცაგერსა და მთელს მუნიციპალიტეტს, საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, აღმოფხვრის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან დაცლის უმთავრეს მიზეზს. ამ პროცესს ხელს დიდად შეუწყობს მესტია-ლენტეხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება და ცაგერს აქცევს ქუთაისიდან მესტიისკენ მიმავალი ტურისტული ნაკადის სატრანსპორტო კვანძად. აუცილებელია, ცაგერი მომზადებული დახვდეს ამ პროცესს, რათა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს მისგან. ჩვენი პროექტით შესაძლებელია, დავასაქმოთ, დაახლოებით, სამი ათეული, ან მეტი ადამიანი, მეორე მხრივ, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა იმისათვის, რომ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები სპორტის კონკრეტულ სახეობებში და ამ სახეობებში პროფესიულად გადაემზადონ, დასაქმდნენ ადგილზევე. ამასთან, ეს ზოგადად გაზრდის ტურისტულ სექტორს, იგულისხმება სასტუმროების მიმართულებით, კვების ობიექტების მიმართულებით, რითაც თავისთავად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსავლები. შესაბამისად, ერთი მხრივ, პროექტის ფარგლებში და მეორე მხრივ, იმ გამოწვევების გამო, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხედვა ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტია. პროექტის ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენს. თუ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა იქნება, შემდგომ უკვე აუცილებლად საჭიროა კერძო სექტორის თანამშრომლობაც და, თუ ეს მოხდება, ჩვენი პროექტი აუცილებლად წარმატებული იქნება.

კონკრეტულად ჩვენ გვინდა: კარტინგ-ცენტრი, პეინტბოლის მოედანი, ველოსიპედების გასაქირავებელი სივრცის მოწყობა. გვინდა რაგვის ციხეზე მოეწყოს ასასვლელი ბეტონის ბილიკი, გადმოსახედი, მცირე საკემპინგე სივრცე და დამონტაჟდეს ზიპლაინი. პარკის წარმატებით ფუნქციონირების შემთხვევაში, სამომავლოდ შესაძლოა პარაპლანიც დაემატოს ატრაქციონებს, რადგან მხარის რელიეფი იძლევა ამის შესაძლებლობას. ასევე,  ცხენისწყალზე, შესაძლებელია, მსურველებს შევთავაზოთ ჯომარდობა, კაიაკინგი და ბაგინგი“.

გუნდებმა ხედვები უკვე წარმოადგინეს. ახლა წინ საკუთარ ქალაქებში პროექტების პრეზენტაციები და შემდეგ არჩევნები ელოდებათ. ვისი იდეაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად მოეწონება, გამარჯვებულიც ის გახდება. პირველი კენჭისყრა 3 ნოემბერს სურამში ჩატარდება და გამარჯვებული იდეაც გამოვლინდება;  4 ნოემბერს საუკეთესო იდეა გამოვლინდება გარდაბანში; 10 ნოემბერს გამარჯვებული გამოვლინდება ცაგერში, 16 ნოემბერს – ჭიათურაში და ბოლოს, 17 ნოემბერს გამარჯვებული იდეა ცნობილი გახდება ტყიბულში. საბოლოოდ კი, გამარჯვებული 5 იდეისა და მათი ავტორების  დაჯილდოვება 2 დეკემბერს თბილისში გაიმართება.