რუსთავის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებისთვის 60 კონტეინერი გადასცეს

604

რუსთავის მერია და რუსთავის ინოვაციების ჰაბი, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების ციკლის დანერგვისთვის, საპილოტე პროექტს ახორციელებენ.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის “მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, მერიამ და გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო 60 კონტეინერი გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, კონტეინერების გადაცემის პროცესს, #18 საჯარო სკოლასა და #10 საბავშვო ბაგა-ბაღში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კომპანია ,,სანიტარის’’ წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საპილოტე ინიციატივა ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მშობლების წახალისებას ნარჩენების შეგროვების კუთხით. ამის შემდეგ, მოხდება ნარჩენების ტრანსპორტირება გადამამუშავებელ ქარხნამდე და ბოლოს, პროდუქციის წარმოება.

პროექტი მიზნად ისახავს, ინოვაციური მიდგომებით უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პოლიეთილენის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავების პროცესში. ეკოსისტემაზე ზრუნვასთან ერთად, მთავარი მიღწევა იქნება მოქალაქეების ქცევის შეცვლა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება ადრეული ასაკიდანვე.

პროექტი ქალაქის მერიის, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ადგილობრივი ბიზნესსექტორის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო, მმართველობითი, გარემოსდაცვითი და პარტნიორული ინოვაციების დასანერგად მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი“, – აცხადებენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, რუსთავის ინოვაციების ჰაბი 2019 წლის აპრილში შეიქმნა. პროექტის განხორციელება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ერთ წელი გაგრძელდება.