ქუთაისში ნიკიტინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვით გახანგრძლივდა

749

ქუთაისში ნიკიტინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვით გახანგრძლივდა. მიზეზი პროექტში შესული ცვლილებებია. შემსრულებელმა ამხანაგობამ “ფარაონი და კომპანია” მერიას პროექტის კორექტირებით მიმართა. ინფორმაციას ქნიუპრესი ავრცელებს.

ამხანაგობამ 279 000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია “ფარაონი” ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენელი სპარტაკ ქემოკლიძე განმარტავს, რომ მუშაობის დროს დამატებითი სამუშაოები გამოჩნდა.

“მერიას მივმართეთ პროექტში ცვლილებების მოთხოვნით, რადგან რუსთაველის ხიდთან ფერდობის მოჭრის დროს გაზის მილები შეგვხვდა. ეს მილები უნდა გადავიტანოთ, ან დაბლა დაწიოთ, რაც არ არის მარტივი, შესათანხმებელია კომპანიასთან ველოდებით, როდის მოხდება მილების მდებარეობის შეცვლა, ამის შემდეგ ჩვენს სამუშაოებს შევასრულებთ,”-განაცხადა სპარტაკ ქემოკლიძემ.

მისი თქმით, გარდა მილების გადატანისა ეწყობა ტროტუარებიც, რაც პროექტში არ იყო.

“პროექტში არ იყო ტროტუარი, მოსახლეობამ მოითხოვა გაგვეკეთებინა და ამანაც გამოიწვია დროის დამატება, ერთ თვეში დავასრულებს ქუჩის სრულ რეაბილიტაციას”, -განაცხადა სპარტაკ ქემოკლიძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ღირებულება არ შეცვლილა და არ მომხდარა თანხის დამატება. ნიკიტინის ქუჩაზე სამუშაოების ივლისში დაიწყო და თითქმის სამ თვეში უnდა დასრულებულიყო.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ატრაქციები მოეწყობა, რისთვისაც ახალი ტენდერი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ნიკიტინის ქუჩა რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას “თეთრ ხიდთან” აკავშირებს.