ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია, ოპოზიციონერი დეპუტატი ისევ მივიდა ბანერით – “გახარია წადი”

831

წინა სტატია

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ცხვიტარია საკრებულოს სხდომის დასრულებამდე პლაკატით ხელში იდგა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა.

„ვაპროტესტებ ხელისუფლების უზნეობას. ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. არაფრისმაქნისი ხელისუფლებაა, განსაკუთრებით ფოთში. უმოძრაობის ხანაა, არაფერი არ არსებობს ამ ქალაქში, მარტო ქარი ტრიალებს, თორემ ესენი უმოქმედოები არიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, როდესაც ოპოზიცია თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს. რაც შეეხება ბრალდებებს, ამას ყოველთვის პოზიტივით ვუპირისპირდებით. უნდა გადავფაროთ ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ქმნის სწორედ იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც თითოეულ ადამიანზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას გაითვალისწინებს და 2020 წელს სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ.