აუდიტი: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოების შესრულების ვადებს დაუსაბუთებლად ცვლიდა

897

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, 2016-2017 წლებში დეპარტამენტი, მხარეებთან შეთანხმებით, დასაბუთების გარეშე, სისტემატურად, არაობიექტური მიზეზებით, ზრდიდა ხელშეკრულებების მოქმედებისა და სამუშაოს დასრულების ვადებს. შესაბამისად, არ აკისრებდა მიმწოდებლებს ხელშეკრულებით გათვალიწინებული სანქციებს, რომლებმაც, ჯამში, 187 958 ლარი შეადგინა.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქობულთის მუნიციპალიტეტში გზის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა დროს მხარეებს შორის გაფორმებულია ხუთი შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც, დასაბუთების გარეშე შეცვლილია სამუშაოს შესრულების ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს, დაახლოებით, 156 703 ლარს.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის გზის სამუშაოებისათვის მიმწოდებელს პირველ ეტაპზე უნდა შეესრულებინა არანაკლებ 15%-ის (ანუ 154 862 ლარი) მოცულობის სამუშაოები. წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტის გათვალისწინებით კი, შეასრულა 109 352 ლარის სამუშაოები. ხოლო მეორე ეტაპზე უნდა შეესრულებინა არანაკლებ 35%-ისა, ანუ 361 346 ლარის სამუშაოები, მაგრამ 129 094 ლარის  სამუშაოები შეასრულა.

“აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს მიმწოდებელისათვის დაეკისრებინა 12 234 ლარის პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი”, – ნათქვამია დასკვნაში.

ამავე დასკვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კირნათი-ჩხუტუნეთის გზის სამუშაოები მიმწოდებელს 2016 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა. 2016 წლის 30 აგვისტოს კი, მისივე მოთხოვნით, დამატებულია 21 137 ლარის ღირებულების გაბიონის მოწყობის სამუშაოები. დამატებითი სამუშაოების წარმოშობამდე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე, მიმწოდებელს შეუსრულებელი ჰქონდა მთლიანი სამუშაოს 36,4%, ანუ 264 366 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც, ფაქტობრივად, 19 დღის დაგვიანებითაა დასრულებული, თუმცა, დეპარტამენტს სანქცია არ დაუკისრებია, რაც, მინიმუმ, 19 021 ლარს შეადგენს.

“დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე ზრდიდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა, დაახლოებით, 187 958 ლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები”, – აღნიშნულია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართავს,  ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ სათანადო დასაბუთების პირობებში, ობიექტური და ფორსმაჟორული გარემოებების ფაქტობრივი არსებობის გათვალისწინებით. ხოლო არაობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიმწოდებელს დააკისროს შესაბამისი სანქცია, რაც მინიმუმადე დაიყვანს პროექტების განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობის ფაქტებს.

ამასთან, აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწოდებს, შეისწავლოს დასაბუთების გარეშე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეცვლის მოტივი, მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.