კვლევა: “ადგილობრივი სერვისები გორის მუნიციპალიტეტში – პრაქტიკა, დამოკიდებულება და განწყობები”

331

გორის საინფორმაციო ცენტრმა კვლევა სახელწოდებით – “ადგილობრივი სერვისები გორის მუნიციპალიტეტში – პრაქტიკა, დამოკიდებულება და განწყობები” გამოაქვეყნა. 

კვლევის თანახმად, მუნიციპალური სერვისები გორის მუნიციპალიტეტის მოასახლეობისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა საბაზისო სერვისების ქალაქის მოსახლეობისთვის მიწოდებას მეტ-ნაკლებად ახერხებს, რადიკალურად განსხვავდება მდგომარეობა სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში.

“ადგილობრივი მოსახლეობის ღირესეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სასმელი წყლის მიწოდება, საკანალიზაციო სისტემის გამართულად მუშაობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, რომელიც კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.

მუნიციპალურ დონეზე რთულია ქალაქის პრობლემების ფონზე პატარა დასახლებების პრობლემების რეგულაცია და შესწავლა, ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს არ აქვთ სახელმძღვანელო, რომლითაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაწერისას ისარგებლებენ, შესაბამისად, მუნიციპალური ბიუჯეტის გაწერისას ძირითადად ზედაპირულ ცოდნასა და ქაოტურად შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობიან”, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოქალაქეებისთვის ღიაობა უზრუნველყოფილია, როგორც მოსახლეობის მიმართვების მიღებისა და განხილვის მარტივი პროცედურების, ისე მათზე სწრაფი რეაგირების საშუალებით. კერძოდ, მოქალაქეთა 38.9%-ის განცხადებით, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში პროცედურების გავლა მარტივი იყო, 38.7%-ისთვის – საშუალო სირთულის. ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობამ (53.3%) აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა მათ მოთხოვნაზე რეაგირება (პოზიტიური ან ნეგატიური) კანონით დადგენილ ვადაში, 10 სამუშაო დღეში მოახდინა.

ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მიერ მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი და თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა დაბალია და ინფორმირებულობის დონეები განსხვავებულია სოფლად და ქალაქად, კერძოდ, მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით ქალაქში მცხოვრებლებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებს. განსხვავება მონაცემებს შორის საშუალოდ 11.5%-ია. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ სერვისებზე ხელი შეზღუდულად ან საერთოდ არ მიუწვდებათ. მდგომარეობას კი უფრო ამძიმებს მატ საკითხებზე მომუშავე ცენტრალური რგოლის კიდევ უფრო დაშორება ბენეფიციარებისგან მას შემდეგ, რაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსტან გაერთიანდა.

გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დაბალია თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინების პრაქტიკა.

გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ თვითმმართველობა მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ადგილობრივების 40.7% ფიქრობს, რომ გორის მუნიციპალიტეტში თანამდებობებზე ხალხი ნაცნობობით ინიშნება, 23.3% კი ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ პრაქტიკას.

კვლევის თანახმად, მაღალია სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილება მუნიციპალური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, მაღალია ნიჰილისტური განწყობა და, შესაბამისად, დაბალია თვითმმართველობასთან თანამშრომლობის სურვილი.

“გორის მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. ისინი შუამავლის როლს ასრულებენ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის. ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციები ახმოვანებენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების საჭიროებებს და ერთვებიან პროგრამების პრიორიტეტების შემუშავების პროცესში. მეორე მხირვ კი, აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ თანადაფინანსების პროგრამებში, რაც მათთვის ქმნის დამატებით ფინანსურ შემოსავლის წყაროს და ხელს უწყობს ორგანიზებულ მდგრადობას” – წერია კვლევაში.

იხილეთ კვლევა სრულად: “ადგილობრივი სერვისები გორის მუნიციპალიტეტში – პრაქტიკა, დამოკიდებულება და განწყობები”