არქეოლოგებმა ფარავნის ტბასთან ყორღანების შესწავლა დაიწყეს

1832

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს (ძვ. წ XV-XIV ს.ს ) პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ყორღანი ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. აქ სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ ასრულებს. მან ტენდერში 25 423 ლარად გაიმარჯვა.

ხელშეკრულება 30 აგვისტოს დაიდო და 2020 წლის 31 იანვარს დასრულდება.

აქ დაგეგმილია შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები:

ჰუმუსის მოხსნა;
მიწის სამუშაოები პრეპარაციით;
სარიტუალო გზის გასუფთავება;
ქვაყრილის ნაწილის მოხსნა;
არქიტექტურული ნახაზების შედგენა;
მოპოვებული მასალის ფოტოფიქსაცია, ჩახატვა, ჩახაზვა, ფოტოგრამმეტრიული დამუშავება;
სადაზვერვო შურფების გასაჭრელად ჰუმუსის მოხსნა.

„ამ ტერიტორიაზე ქვის ხანიდან დაწყებული შუა საუკუნეების ჩათვლით სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, სამაროვნები, ციხეები, ეკლესია-მონასტრები და სხვა სახის კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია დამოწმებული“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.

აქვე განმარტებულია, რომ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის აღსადგენად და პალეო გარემოს კვლევის კუთხით მნიშვნელოვანია: „ყორღანული სამარხის შესწავლა მოგვცემს საშუალებას, ვცადოთ ბრინჯაოს ხანის პერიოდის ადამიანის საცხოვრებელი გარემოს რეკონსტრუქცია და დავადგინოთ მათი განსახლების არეალი“, – განმარტებულია არქეოლოგიური შესწავლის მოკლე ისტორიაში.

ყორღანული სამარხი ფარავნის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ხულგუმოდან 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 2003–2007 წლებში „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობამ“ შეისწავლა და ძვ. წ. აღ.-ის მესამე ათასწლეულის ყორღანი აღმოაჩინეს. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.