ფოთში სანიჩბოსნო ბაზა აშენდება

995

ფოთში მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება. შენობის გარე და შიდა სივრცეები კი, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. აღნიშნული პროექტის ესკიზების განხილვა გუშინ ფოთის მერიაში გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით,  პარალელურად მდინარე კაპარჭაზე მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

“მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.