ბატიაშვილი: სკოლებში 55 000 ახალი კომპიუტერი შევა

711

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის მიმართ მიდგომა შეიცვალოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტექნოლოგიების შეტანაა.

“ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართლაც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომი დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც.

“მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების WIFI-ით უზრუნველყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლიანად დავასრულებთ და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.