თელავში, “ნაქალაქარზე” აღმოჩენილ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1217
თელავის სოფელ თეთრიწყლების ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2018 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე (ე.წ. „ნაქალაქარი“) სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარდა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები გამოვლინდა.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ობიექტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2019 წლის 12 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

კუნტურის (კუნტუს) ეკლესიას XI-XVIსს;
ქაჯიანხევის მცირე ეკლესიას;
ფსიტის (ფსიტიანის, საფსტეს, თურდოს) ციხეს (V-XVIIIსს);
ღვთისმშობლის ეკლესიას (VIII-IXსს).

„ნაქალაქარის“ სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს, გამოვლინდა ფსიტის ციხის ქვედა ციხე, რომლის გალავანის კედლებში ჩართულია სასახლე, ეკლესია და კოშკები. ციხე მსგავსებას ავლენს უჯარმის ციხესთან და მას მდებარეობის გამო, ხეობის ჩამკეტი ციხის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავანი, დამუშავებული კაჟის ქვა, ადრე შუასაუკუნეების ხარო, განვითარებული შუასაუკუნეების კერამიკული ნაწარმი, რკინის ისრის და შუბის პირები და ა.შ.

„ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნაგებობების და არტეფაქტების პირველადი დათარიღება გვიჩვენებს, რომ ობიექტზე გვიან ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული თითქმის უწყვეტი ცხოვრების კვალი ფიქსირდება, რაც საკმაოდ იშვიათ ფაქტს წარმოადგენს

სოფელ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე  სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები იქნა აღმოჩენილი.