ასპინძის მერიამ “შოთაობის” ორგანიზებისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა

98

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ “შოთაობის” სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მერიამ, “შოთაობის“ ორგანიზებისათვის ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა მსურველებისთვის განაცხადების მიღება ხვალიდან, ოთხი სექტემბრიდან დაიწყება და ექვსი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე ტენდერი ისევ 20 313 ლარზე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხის ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა; მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ; გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება; ასევე, კულტურული ღონისძიებების პარალელურად, გაიმართება სპორტული ღონისძიებებიც: ქართულ ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.

სახალხო დღესასწაული “შოთაობა“ 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, „შოთაობა“ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

ასპინძის მერიაში “სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ვარძიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ჩატარდება.

“შოთაობის“ ორგანიზებისთვის, პირველი ტენდერი 14 აგვისტოს გამოცხადდა.