ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, დათქმულ ვადებში ვერ დასრულდება

89

წინა სტატია

ქუთაისის თოჯინების თეატრის გახსნის დრო კვლავ გაურკვეველია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები ისევ შეიცვალა. როგორც თეატრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბაღდავაძე “ნიუპრესთან” საუბარში, აცხადებს, მიზეზი შემსრულებელი კომპანიის არასათანდო მუშაობაა. მისი თქმით, გაურკვეველია, როდის დასრულდება რეაბილიტაცია.

“სამუშაოები გრძელდება, თითქმის დასასრულისკენ მიდის, აპარატურასაც  ველოდებით თბილისიდან, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რა დრო დაგვჭირდება, შეიძლება იყოს ერთი თვე, ანდა მეტი, არ ვიცი, ეგ კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ. მათი მუშაობის გამო მოხდა ვადების შეცვლა, არ გაგრძელდა სამუშაოები გეგმაზომიერად. მე ვერ გეტყვით, რატომ, მათ კითხეთ”-განაცხადა თეიმურაზ ბაღდავაძემ.

თოჯინების თეატრში რეაბილიტაციას შპს “ბა-ნი” ახორციელებს. კომპანიამ მეორე ჯერზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაობი გასული წლის მაისში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა დრო გახანგრძლოვდა. მიმდინარე წლის თებერვალში მიზეზად დამატებითი სამუშაოები დასახელდა, როგორც ადმინისტაციაში განმარტავდნენ, რეაბილიტაციის დროს სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები გამოჩნდა.

რატომ მოხდა შეფერხება და როდის დასრულდება რეაბილიტაცია, ამ კითხვებით შპს “ბა-ნის” მფლობელს დავუკავშირდით, თუმცა ნიკოლოზ სილაგაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ შპს “ბა-ნი” ქუთაისში ამ დროისთვის რამდენიმე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე წლის ივნისში “ნიუპრესთან” საუბარში, ნიკოლოზ სილაგაძე აცხადებდა, რომ მათ საკმაო გამოცდილება აქვთ და რამდენიმე ობიექტზე  ერთდროულად დაწტებული სამუშაოები შემაფერხებელი ვერ იქნებოდა.

კომპანიის გამოცდილებაზე საუბრობდნენ მერიაშიც და “ბა-ნის” შერჩევის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ ქუთაისში განხორციელებულ პროექტებს ასახელებდნენ.

თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის შესახებ  საუბარი მიხეილ გიორგაძის მინისტრობის დროს დაიწყო, პროექტი მომზადდა და ტენდერიც გამოცხადდა. რეაბილიტაციისათვის 534 655 ლარი გამოიყო.