სამთავისის კომპლექსში სასულიერო პირებმა ფილები უნებართვოდ დააგეს

1291

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით, კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

„ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის. ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას ექვსი თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.