ფოთში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

239

ფოთში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ფოთის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, აგრეთვე, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

მთავარი საკითხი, რომელზეც ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა, მონაწილეობითი ბიუჯეტის მოდელები და ბიუჯეტირების პროცესში მოაქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება იყო.

ტრენინგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი აქცენტი აღნიშნულ პროცესში მედიის, როგორც თვითმმართველობის პარტნიორის, როლზე გაკეთდა.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში ანალოგიური სწავლება 10 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი, რის შემდეგაც თვითმმართველობები მონაწილეობითი ბიუჯეტირების მათთვის მისაღებ მოდელს შეარჩევენ და მომდევნო წლიდან განახორციელებენ.