ბიუჯეტიდან დახარჯული 1,2 მილიონი ლარი – რუსთავის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ

1120

წყალში გადაყრილი მილიონ 221 ათას 776 ლარი. რუსთავის მერის დაპირება მშვიდობის ქუჩის გზის რეაბილიტაციის შესახებ, კვლავ შეუსრულებელია. ინფორმაციას პრესა.ჯი ავრცელებს.

გამოცემის თქმით, შპს ჰერიო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა, როგორც ჩანს, აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

ხელშეკრულება შპს „ჰერიოსთან“ 2018 წლის 30 აპრილს გაფორმდა და თანხაც სწორედ ამ კომპანიას ჩაერიცხა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ქუჩა მთლიანად გადათხრილია და არც განათებაა დამონტაჟებული, რის გამოც ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ავტოავარიების რიცხვი გაიზარდა.

კომპანია ჰერიო, რომლის 100 პროცენტის მფლობელი დავით გალეგაშვილია, ხოლო დირექტორი, ირაკლი ქარუმიძე, ვალდებულებას იღებდა 2018 წლის 28 აგვისტომდე დაესრულებინა მშვიდობის ქუჩის გზის ბეტონის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ხელშეკრულების ვადა – 2019 წლის 31 ივლისი).

ხელშეკრულების ვადა უკვე დარღვეულია, მშვიდობის ქუჩაზე გზა ისევ მოუწესრიგებელი, ჩაბნელებული და გადათხრილია, რის გამოც ოპოზიცია და ადგილობრივები მერ ტაბაღუას კორუფციულ ინტერესებზე მიანიშნებენ.

“რუსთავი 2”- თან საუბარში ბრალდებებს უარყოფს ირაკლი ტაბაღუა, რომლის ინფორმაციითაც, კომპანია “ჰერიოსთან” ხელშეკრულება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გაუქმდა და იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

„კომპანიის მიერ არაჯეროვნად მოხდა შესრულება სამუშაოსი, სამუშაო რომ არ დასრულდა, კომპანიას შესაბამისი სანქციები და პასუხისმგებლობა დაეკისრა და შავ სიაში შევიდა,“ – ამბობს ირაკლი ტაბაღუა.