გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში 1 000 ელექტრომანქანის ავტოსადგომს 9 მლნ ლარად გააკეთებს

109

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

4,2 ჰექტარზე 1 000 ავტომობილზე სადგომს კომპანია 8 989 898 ლარად გააკეთებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. მაშინაც შესყიდვაში მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასიც წარადგინა – „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა”, თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.