“სკვერებში დარგულ ყვავილებს იპარავენ” – გორის მერია

585

გორში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვავილები ძირფესვიანად მოიპარეს. ამის შესახებ გორის საკრებულოს სხდომაზე კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა თეა კეჩხუაშვილმა განაცხადა, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

საკრებულოს დეპუტატების თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აგრესიულობით გამოირჩევა და ქალაქში აზიანებენ როგორც სპორტულ ინფასტრუქტურას, ასევე, სკვერებსაც.

“რა გიკვირთ, აგერ ყვავილები მოიპარეს გოგებაშვილის ძეგლთან. ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დაგლიჯეს. ყვავილები ცოტაღა დარჩა ქალაქში, ისიც ცენტრში” – განაცხადა თეა კეჩხუაშვილმა.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ იპარავენ არა მხოლოდ ყვავილებს, არამედ მულჩასაც, რომელიც სპეციალურად ხეების ძირში, ფესვებთანაა დაყრილი.

“დიდების მუზეუმიდან მოიპარეს ასევე ნაძვი, რომელიც ქოთანში იყო დარგული” – აცხადებს კეთილმოწყობის სააგენტოში.

საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას სპორტული ინფრასტრუქტურა საჭიროებს.