დღეს ბათუმში ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობის საკითხს საჯაროდ განიხილავენ

100

წინა სტატია

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში დღეს საჯარო განხილვა გაიმართება.

დისკუსიაში მონაწილეობას ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები და უშუალოდ იმ კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობას გეგმავენ.

ცნობისთვის, კომპანია “სილქ როუდ ჯგუფი” ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას და იახტკლუბის მოწყობას გეგმავს.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მოქალაქეებიც და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას ბათუმელთა ნაწილი აპროტესტებს. საზოგადოება “ბათომის” წევრებმა პროექტის შესაჩერებლად საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.

ხოლო “აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2013-ში”, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური დახმარებით შეიმუშავა, ცალსახად აღნიშნულია, რომ – “დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა”.

ჯერჯერობით, უცნობია, მისცემს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება გიორგი რამიშვილის კომპანიას – “სილქ როუდ ჯგუფს” მშენებლობის ნებართვას.