მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

2207

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება. მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში ხდება საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას, ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ. პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.

მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია “იუჯითი“ განახორციელებს. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ასევე, ფონდი  ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაციას აფინანსებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში ინტერნეტქსელის აგებისა და ოპერირებისათვის 15 მარტს „მთის სათემო ქსელთან“ გაფორმდა ხელშეკრულება.

“მთის სათემო ქსელს“ პროექტის რეალიზაციასა და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) ეხმარება. ასევე, პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ICOS და ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

გასულ წელს ინტერნეტიზაციისათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 246 805 ლარი გამოიყო”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ისინი მომავალშიც აპირებენ ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ინტერნეტს ხელმისაწვდომს სხვა რეგიონებშიც გახდის.