ზურაბ ტყემალაძე – თუ ხარ პოლიტიკური პარტია, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო

748

პარტია „მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას გეგმავს, –  ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა საკრებულოების დაკომპლექტებაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარტია „მრეწველების“ ლიდერის თქმით, ჯერჯერობით პარტიაში კანდიდატურებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა 1999 წელს, ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, კვალიფიცირებული სუბიექტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს არჩევნებს და მიიღოს მასში მონაწილეობა. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და გინდა, არსებობდე როგორც პოლიტიკური სუბიექტი, უნდა მონაწილეობდე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ. რა კონფიგურაციით ჩავერთვებით არჩევნებში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი