რუსთავში ველოინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ

83

რუსთავის მერიაში ქალაქში ველოინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიწვეული ექსპერტები რუსთავში ველოინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას უსასყიდლოდ მოამზადებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უცხოელმა ექსპერტებმა ქალაქის სხვადასხვა უბანში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება ველობილიკების მოწყობა.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 130 ათასი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, კვლევა საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჩატარდა. შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.