ხარაგაულის სოფელ ბორითის მცხოვრებლებს ხევი-უბისას გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმება შეთავაზეს

1129

წინა სტატია

ხარაგაულის სოფელ ბორითის მცხოვრებლებს ხევი-უბისას პროექტი გააცნეს და აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთათვის ვაკანტური პოზიციები წარადგინეს.

როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group-ის” წარმომადგენლები შეხვდნენ.

“ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტსა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ამასთან,ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები და შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი(II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

მერიის ინფორმაციით, დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ სოფელ ბორითში მდებარე კომპანიის მთავარ ოფისს.