სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება

116

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილგანწყობილ და მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა.

ანტონიო ბარტოლის განცხადებით, იტალიის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება.

საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან. მხარეები შეთანხმდნენ მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, რაც საგრანტო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას გულისხმობს. გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის სფეროშიც. ელჩის ინიციატივით, ხელი შეეწყობა სამუზეუმო სივრცის საგანამანათლებლო მიზნით გამოყენებას, რაშიც სკოლები ჩაერთვებიან და მოსწავლეები მეტად გაეცნობიან იტალიურ კულტურას.