ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა

1471

წინა სტატია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, რომელიც იმავდროულად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები, პარლამენტარები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

შეხვედრის მეორე დღე ძირითადად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მესამე მიმართულებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც განიხილეს სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები. წარმოდგენილი იყო ექსპერტთა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის დაგეგმვისა და მისი როლის გაზრდის თაობაზე ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში, მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ.

ასევე, შეხვედრაზე სტრატეგიის განხორციელების, მართვის მექანიზმის, ანგარიშგების, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმებთან დაკავშირებით წარმოდგენილ რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა და გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება აისახოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ტექსტში, რა ღონისძიებები უნდა შემუშავდეს სტრატეგიით დასახული ამოცანების და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის.

როგორც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები ითვალისწინებს გარკვეული საკითხების დახვეწას იმ თვალსაზრისით, რომ თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა უფრო ეფექტიანი გახდეს. ამასთანავე, მსგავსი შეხვედრები ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონებისა და, ზოგადად, ქვეყნის მომავლისა და მისი განვითარებისათვის, თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

შეხვედრა ზაზა გაბუნიამ შეაჯამა. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული საბოლოო დოკუმენტი საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილი იქნება როგორც საქართველოს პარლამენტის ერთიანი რეკომენდაციები და არა პარლამენტის რომელიმე ერთი სუბიექტის კერძო მოსაზრებები. ასევე, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვები დამსწრეებს გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

“საბოლოოდ, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში განხილვებისა და საზოგადოების, ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბებს ერთიან დოკუმენტს – შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჯგუფის დასკვნაში აისახება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე და გადაეგზავნება მთავრობას“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.