გორში ე.წ. ჩინეთის უბნის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, რომ გაზი არ აქვს

1008
Closeup of manometer, pipes and faucet valves of heating system in a boiler room

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში მცხოვრებთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან ბუნებრივი აირის გაყვანას ითხოვს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ნაწილს გაზი აქვს, ნაწილს – არა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია qartli.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მათ დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების პირობა მათ არაერთხელ მიიღეს, თუმცა, შედეგი არ დამდგარა.

,,ჯერ კიდევ, ახალ წელს დააყენეს მილები და მას შემდეგ გვპირდებიან, გაზი იქნებაო. “გორი გაზში” მივდივარ, პასუხი არ აქვთ. ვის მივმართო? ნახევარს აქვს და ჩვენ რა დავაშავეთ? – აცხადებს ხიდისთავის მცხოვრები ნინო ჭოველიძე.

გორის მერის წარმომამდგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ გაზიფიცირების პროექტი დასრულებულია, ახლა კი, ჯერი ეკონომიკის სამინისტროსა და “სოკარზეა”.

,,ჩინეთის უბანში დიდი ხანია, რაც არის ბუნებრივი აირი, ბავშვი ვიყავი რომ გამოყვანეს. იმ პერიოდში კერძო პირმა დაამონტჟა. იმ მილებით უბნის ნაწილი სარგებლობდა, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი იყო დაახლოებით 30 ოჯახი, რომლებიც ფერდობზე ცხოვრობენ. წელს, მარტში, დარჩენილ სახლებშიც დაამთავრეს მონტაჟი. საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა და ეხლა ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადასცეს “სოკარს”. ზუსტად არ ვიცი, რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. ამის მერე, აბონენტად აყვანასთან დაკავშირებით, მოსახელეობას მერიამ უნდა გაუწიოს შუამდგომლობა სოკართან, რადგან, ყველას არ აქვს სახლი დარეგისტრირებული.” – აცხადებს გიორგი ბარჯაძე.

ცნობისთვის, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის დასწყისში დაასრულა.

პროექტის ფარგლებში სოფელში გაიყვანეს 33 218 მ სიგრძის გაზსადენი და 1 250 ადგილობრივ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ისევ ბუნებრივი აირის გარეშეა.