პარლამენტარის კომპანიას გორის მერია მილიონიან ხელშეკრულებას უფორმებს

45

წინა სტატია

შპს “იბოლია“, რომლის მფლობელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ორივე ტენდერი შერჩევა – შეფასების ეტაპზეა და პარლამენტარის კომპანია ორივეგან უკონკურენტოა.

წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერებზე 14-15 მაისს დასრულდა. ერთი მათგანის შესყიდვის ღირებულება 573 000 ლარი, მეორისა კი 465 000 ლარია. პირველ შემთხვევაში მერიას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის სოფლის გასასვლელიდან ზემო ხვითის ცენტრამდე მისასვლელი გზის სამუშაოები მოწყობა სურს, მეორე კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.

საერთო ჯამში, სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის მერია 1 038 000 ლარის დახარჯვას აპირებს. აღნიშნული თანხის ფარგლებში სამუშაოების შესრულების ერთადერთი პრეტენდენტი კი შპს “იბოლიაა“, სადაც იოსებ მაკრახიძე 40% წილს ფლობს.

აღნიშნულ კომპანიას 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გორის მერიის მიერ გამოცხადებული კიდევ 4  ტენდერის გამარჯვებულია, ყველა მათგანში უკონკურენტოდ იღებდა მონაწილეობას, მიმდინარე წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი 1 930 196 ლარი შეადგინა.

ამასთან, დეპუტატ მაკრახიძის ოჯახმა გორის ბიუჯეტიდან 2018 წელს 5 021 930 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.